სამგორის რაიონში ზაქარია მხარგრძელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ზაქარია მხარგრძელის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ავტოტრანსპორტის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ეტაპი. კერძოდ, კომპანია GWP-იმ მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემა სრულად განაახლა.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა ტროტუარი და საგზაო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი გაეცნენ, გაესაუბრნენ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მოისმინეს მათი მოსაზრებები, ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
პროექტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს. სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროგრამას ეტაპობრივად აგრძელებს. ზაქარია მხარგრძელის ქუჩის რეაბილიტაციაც სწორედ ამ მასშტაბური პროგრამის ნაწილია და მისი დასრულების შემდეგ ადგილობრივები თანამედროვე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
No article in the selected categories