პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 94
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა - ი.წ.-მ, გ.დ.-მ, მ.ო.-მ, თ.კ.-მ, ი.პ.-მ, ა.ც.-მ, ვ.გ.-მ წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
ექვს ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულ ი.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ან უამისოდ), ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

No article in the selected categories