პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს „საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ 17 ოქტომბერს პროკურატურას მიმართა ქონება, რომელიც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ იქნა მიტაცებული, დაყადაღდეს და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.