მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 760 გრამზე მეტი „მდმა“, 762 გრამი „კლეფედრონი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ აღმოაჩინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

„სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული საშუალებები ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ საბაჟო საზღვრების უმკაცრეს მონიტორინგს და ამ მიმართულებით კონტროლი მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.