სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე - 1983 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად,   განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა  ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.