გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი არასრულწლოვანი და ავტომობილის მძღოლია.

შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილის მგზავრები ადგილობრივები იყვნენ.

ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.