კაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, განმარტავს, რატომ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება

საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა როსტომ მაზმიშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რატომ შევარდა ავტომობილით საპატრიარქოში.

“იმის ახსნა მინდა, რატომ ჩავიდინე ეს ქმედება და ამ კითხვას ველოდები“,- თქვა მან, რაზედაც  მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ განუმარტა, რომ დღეს მისი ბრალეულობის საკითხი არ განიხილებოდა.

მიუხედავად ამის, მან მაინც გააგრძელა საუბარი:

ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ.

დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს",- განაცხადა ბრალდებულმა.

მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდა ის, შესაბამისად, მისი უფლება რომ არ დარღვეულიყო, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.