დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების  შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი  - 94 აბი ამოიღეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება. 

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე,  262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.