თბილისში ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს

თბილისში ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს. ადვოკატის ცნობით, ერთ-ერთ ძმას ძალადობას ედავებიან, მეორე ძმის ბრალი კი ამ დროისთვის უცნობია:

 "გუშინ მოხდა დაკავება. პარალელურ რეჟიმში მოხდა ორივეს დაკავება - შესაბამისად, მე ერთ-ერთის დაკავებას ვესწრებოდი, თუმცა ორივეს ინტერესებს ვიცავ. ყოველ შემთხვევაში, მე ვის დაკავებასაც ვესწრებოდი იმას ძალადობას ედავებიან. რაც შეეხება მეორე ძმას, სამწუხაროდ, ამ დროისთვის არ მაქვს მასალები და არც ცნობილია ჩემთვის თუ რას ედავებიან. სპეცოპერაციით დააკავეს, თბილისში. გუშინ ღამის საათებში მოხდა დაკავება... არ ვიცი რას უკავშირდება, დაახლოებით 2 წლის წინანდელ ფაქტთან არის დაკავშირებული, ასე ზეპირად რაც გადმოგვცეს, საქმის მასალები ჯერ მარ აქვს" - ამბობს ადვოკატი "მთავართან".

ტყუპი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელები წლების განმავლობაში არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდებოდა. 2016 წელს გიორგი ფეიქრიშვილი იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავება ვაკეში სოსო ჯოხაძის მკვლელობას დაემთხვა, თუმცა ფეიქრიშვილი მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა.

დავით ფეიქრიშვილის სახელი კი ე.წ. „მაზავშიკების“ საქმეში ფიგურირებდა. გამოძიება საქმეს ფეხბურთზე ფსონის შედეგად წარმოშობილ დავას უკავშირებდა. 

2023 წელს კი თბილისში,  ჭავჭავაძის გამზირზე კრიპტოვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ოფისში მომხდარი ყაჩაღობის კადრები გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც კადრებში ჩანს, დავით ფეიქრიშვილი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისიდან მაშინ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფული წაიღეს. 

უფრო ადრე, 2020 წელს კი, ძმები ფეიქრიშვილების შესაძლო ლიკვიდაციის მომზადების საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ავტომობილის დისტანციური მოწყობილობით აფეთქება იგეგმებოდა.