7 ოქტომბერს, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ (Guardia di Finanza) არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისა და ქართველი მომვლელების (ბადანტების) შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. იტალიის 10 პროვინციაში ჩატარებულ ჩხრეკაში 220-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა. ოპერაციის ფარგლებში ამ დროისთვის 29 პირია დაკავებული, ხოლო სულ პასუხისგებაში 101 ადამიანი მიეცა.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივ სქემას საქართველოს 2 მოქალაქე ქალი ხელმძღვანელობდა, რომლებიც თანამემამულეების იტალიაში არალეგალურად ჩაყვანას ორგანიზებას უწევდნენ. ჩასულ ქალებს იტალიის მოქალაქის მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში აბინავებდნენ, რის შემდეგაც მერანოში მოქმედი, ფორმალურად კანონიერი დასაქმების სააგენტოს მეშვეობით (რომელსაც იტალიელები მართავდნენ), სამუშაოდ ძირითადად ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონის ოჯახებში ანაწილებდნენ. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელ ოჯახებს დანაშაულებრივ სქემასთან კავშირი არ ჰქონიათ.
ყალბი დოკუმენტაციისა და მონაცემების გაყალბების გზით, 100-ზე მეტ ქართველ ქალს ევროკავშირის მოქალაქეების ყალბი საგადასახადო კოდები (Codice Fiscale) და პასპორტები დაუმზადეს.
გამოძიების ცნობით, დაჯგუფება სრულად აკონტროლებდა დასაქმებულთა ცხოვრებას: მათ ართმევდნენ საბუთებს, სურვილის გაუთვალისწინებლად გადაჰყავდათ ოჯახიდან ოჯახში და აიძულებდნენ, ხელფასის ნაწილი ან „საჩუქრები“ სქემის ორგანიზატორებისთვის გადაეხადათ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შრომითი ექსპლუატაციის (caporalato), დოკუმენტების გაყალბებისა და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის მუხლებით.
No article in the selected categories