ვახო სანაია დააკავეს

ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო.

 სანაია ადმინისტრაციულ პატიმრობაში 30 დღეს გაატარებს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. ჟურნალისტი საქმის განხილვას არ ესწრებოდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

ეს მესამე ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც წელს შსს-მ ვახო სანაიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაიწყო. მანამდე ჟურნალისტს უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6000-ლარიანი ჯარიმა.

გარდა ამისა, 2025 წლის ივნისში ჟურნალისტი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმეს. იმავე წლის 19 ოქტომბერს კი სანაია რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის გამო დააკავეს. სასამართლომ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.