კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 44
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა მიაწოდა. როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, სავიზო და საფინანსო შეზღუდვების ახალი პაკეტი შეეხო იმ პირებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს უკრაინაში მიმდინარე ომში დახმარებას უწევენ.
საუბარია 13 ადამიანზე და 11 კომპანიაზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან არიან დაკავშირებული. მინისტრის თქმით, სანქციები დაუწესდათ სამხედრო დრონების პროგრამის ხელმძღვანელ პირებს, ასევე რუსეთის თავდაცვის ძალებისთვის კიბერ-ტექნიკის მიმწოდებლებს და ენერგეტიკულ კომპანიებს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა ოტავამ პირველად დაასანქცირა რუსული ჰიბრიდული ომის აქტიური მონაწილეები და ჩრდილოვანი ფლოტის 100-მდე ხომალდი, რომლებიც კრემლს ომის მანქანის დაფინანსებასა და სანქციებისაგან თავის არიდებაში ეხმარებიან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, სანქციების დაწესება ხელს შეუშლის კრემლის ბიუჯეტში იმ მნიშვნელოვანი თანხების შედინებას, რაც რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად სჭირდება. ამასთან, შეაფერხებს თავდაცვის ძალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მასალების მიწოდებას.
No article in the selected categories
