დონალდ ტრამპი დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამასთან, მისივე თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთანაც მუშაობს.

„ვმუშაობ პრეზიდენტ პუტინთან და მას სურს შეთანხმების დადება. მე ამის მჯერა. ასევე ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთანაც და ვფიქრობ, მასაც სურს შეთანხმების მიღწევა. დღეს მას ვხვდები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინულ მედიაში წერენ, რომ დონალდ ტრამპს შეხვედრის დრო, სავარაუდოდ, აერია და შესაძლოა, დავოსში შეხვედრა მართლაც შედგეს, თუმცა არა – ოთხშაბათს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარის დროს განმარტა, რომ კიევის დროით, 17:00 საათის მონაცემებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად საკუთარი პირობები დაასახელა. ზელენსკი აცხადებდა, რომ „მოლაპარაკებების შედეგად კონკრეტული შედეგი თუ იქნებოდა, შეხვედრა შედგებოდა“.

„ჩვენი გუნდები ამაზე თუ ისაუბრებენ, მაშინ შეხვედრა შედგება. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები გარკვეული შედეგებით. რა თქმა უნდა, ამერიკასთან შეხვედრები ყოველთვის კონკრეტული შედეგებით – უკრაინის გაძლიერებით ან ომის დასრულების მოახლოებით უნდა დასრულდეს. თუ დოკუმენტები მზად იქნება, ჩვენ შევხვდებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.