2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტი ევროკავშირში სრულად შეწყდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 47
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საბოლოო დადგენილებას, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს 2027 წლიდან სრულად კრძალავს. კენჭისყრისას ინიციატივის დამტკიცებას 24 სახელმწიფოს ლიდერი დაეთანხმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს, ბულგარეთმა კი ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა.
ახალი დადგენილების თანახმად, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის, იგივე LNG-ს იმპორტის აკრძალვის თარიღად 2026 წლის 31 დეკემბერი დასახელდა. რაც შეეხება მილსადენით მიწოდებულ გაზს, მისი იმპორტი წევრ სახელმწიფოებს 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ აღარ შეეძლებათ.
დოკუმენტში ჩამატებულია შესწორებაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამ ვადის 1 თვით, 1-ელ ნოემბრამდე გადაწევას მოიცავს, თუმცა მას შემდეგრუსეთიდან იმპორტის უფლება აღარც სახელმწიფოს აღარ ექნება.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკული რესურსების იმპორტიორებს რუსეთთან ახალი კონტრაქტების გაფორმების უფლება აღარ აქვს. რაც შეეხება არსებულ გარიგებებს, მათი ჩახურვა კომპანიებმა დათქმულ თარიღებამდე უნდა მოასწრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ ფინანსური ჯარიმები მოელით. მათ შორის მთლიანი წლიური მოგების 3.5%-ის კონფისკაცია. გათხევადებული რუსული გაზის იმპორტზე 2025 წლის 17 ივნისამდე დადებული შეთანხმებები 2026 წლის 25 აპრილამდე უნდა გაუქმდეს, მილსადენების საკითხზე დადებული გარიგებები კი - 2026 წლის 17 ივნისამდე. არსებული ინფორმაციით, ევროპული კომისია მსგავსი აკრძალვების დამტკიცებას რუსული ნავთობისა და ბირთვული საწვავისთვისაც აპირებს.
იანვრის ბოლოს დამტკიცებული ამ ნაბიჯით ევროკავშირმა შეასრულა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ დადებული დაპირება, რომ რუსული ენერგეტიკული რესურსების იმპორტი სრულად შეწყდებოდა. შეგახსენებთ, წლების განმავლობაში, მათ შორის, 2008 და 2014 წლის რუსული აგრესიების მიუხედავად, ევროპული გაერთიანება რუსული გაზის ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი იყო.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, ევროკავშირს მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში უჩივლონ. გაეცანით ჩვენს სტატიებს, სადაც დეტალურადაა ახსნილი, თუ რას ედავებიან სახელმწიფოები ოფიციალურ ბრიუსელსა და ევროპული გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს.
No article in the selected categories
