ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 61
ევროპული საბჭო შეთანხმდა იმ სამართლებრივ ჩარჩოზე, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების განხორციელებას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო ახლა ევროპარლამენტთან სწრაფი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რათა პირველი გადახდა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის დასაწყისში მოხდეს.
საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი სესხი კიევს გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. გავრცელებული ცნობით, სესხი უკრაინის საერთო ბიუჯეტისა და ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
კვიპროსის ფინანსთა მინისტრის, მაკის კერავნოსის თქმით, დღევანდელი შეთანხმება აჩვენებს, რომ ევროკავშირი აგრძელებს გადამწყვეტად მოქმედებას უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად.
„ახალი დაფინანსება ხელს შეუწყობს ქვეყნის მტკიცე მდგრადობის უზრუნველყოფას რუსული აგრესიის წინაშე. ამავდროულად, ჩვენ ვაგზავნით ძლიერ მესიჯს, რომ სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა იყოს დაცული, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროპარლამენტთან ერთად, მოუთმენლად ველოდები იმ სამართლებრივი ტექსტების დასრულებას, რომლებიც ამ სესხების გაცემის საშუალებას მოგვცემს“, – აცხადებს მაკის კერავნოსი.
ამასთან, ევროპული საბჭო ადასტურებს, რომ სესხი კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის მიერ აღებული სესხებით დაფინანსდება და ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება უზრუნველყოფილი. სესხების დაბრუნება კი მას შემდეგ გახდება სავალდებულო, რაც რუსეთი უკრაინისთვის ომის რეპარაციებს გადაიხდის.
საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაფინანსება ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიების გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.
შემოთავაზებული ჩარჩოს თანახმად, ევროკავშირი უკრაინას დაფინანსებას ორი გზით მიაწვდის: 30 მილიარდი ევრო მაკროეკონომიკური მხარდაჭერის სახით გამოიყოფა და განხორციელდება უკრაინის მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის სპეციალური ინსტრუმენტია უკრაინისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, 60 მილიარდი ევრო კი გამოყენებული იქნება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობებში ინვესტიციების ჩადებისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენის მხარდასაჭერად.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, სესხის ფარგლებში ხელმისაწვდომი ფინანსური და ეკონომიკური დახმარება უკრაინის ფინანსური საჭიროებების შესაბამისად გაიცემა, რაც თავად უკრაინის მიერ მომზადებული დაფინანსების სტრატეგიით განისაზღვრება. აღნიშნული სტრატეგია საბჭომ ევროკომისიის შეფასების შემდეგ უნდა დაამტკიცოს.
გარდა ამისა ირკვევა, რომ თავდაცვის პროდუქტების შესყიდვა მხოლოდ ევროკავშირის, უკრაინის ან ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნების კომპანიებისგან უნდა მოხდეს. უკრაინის სამხედრო საჭიროებები თუ მოითხოვს ისეთი თავდაცვის პროდუქტის სასწრაფო მიწოდებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ევროკავშირში, უკრაინაში ან ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებში, ასეთ შემთხვევაში მიზნობრივი გამონაკლისების სისტემა ამოქმედდება.
ასევე, ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხში მესამე ქვეყნების შესაძლო ჩართვაზეც შეთანხმდნენ.
No article in the selected categories
