ევროპელ ოფიციალურ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ანონიმურობის უფლება - აშშ-ის კონგრესის იურიდიული კომიტეტი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 45
ევროპელ ოფიციალურ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ანონიმურობის უფლება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის იურიდიული კომიტეტის პრესსპიკერმა, ნაჯეი ფონსმა განაცხადა.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ნაჯეი ფონსმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელის კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხებოდა.
საქმე ეხება კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ევროკომისია დადანაშაულებულია აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში, ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ცენზურაში, რაც, ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის „ციფრული სერვისების აქტის“ გამოყენებით ხდებოდა.
ანგარიში შეიცავს კომუნიკაციას ოფიციალურ პირებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ინდუსტრიის თანამშრომლებს შორის. მათ შორის დასახლებულია ევროკომისიის 20-მდე თანამშრომლის სახელები და ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც მათი ელექტრონული ფოსტის მისამართების გაგება ხდება შესაძლებელი. ამასთან, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომელთა ვინაობა გასაიდუმლოებული იყო.
ბრიუსელში ეს ნაბიჯი შეაფასეს ევროკომისიის იმ თანამშრომელთა დაშინების მცდელობად, რომლებიც ევროკავშირის ციფრული წესების აღსრულებაზე მუშაობენ.
საპასუხოდ, აშშ-ის კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განაცხადეს, რომ ევროკომისიის თანამშრომლები ითხოვენ ანონიმურობის დაცვას, მაშინ როდესაც თავად ატარებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ინტერნეტმომხმარებლებს ანონიმურობის უფლებას ართმევს.
„მთავრობის ოფიციალური პირები აშშ-ში, ევროკავშირში თუ სხვაგან ემსახურებიან საზოგადოებას და მათთან ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ“, – განაცხადეს აშშ-ის კონგრესის იურიდიულ საქმეთა კომიტეტში.
ცნობისთვის, ევროკომისიამ დაბალი რგოლის ოფიციალური პირების სახელების გასაჯაროება 2023 წელს შეწყვიტა. როგორც ევროკომისიაში განაცხადეს, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს დელიკატურ საკითხებზე მომუშავე პირებზე ზეწოლისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე არამართლზომიერი ზეგავლენის თავიდან აცილებას.
No article in the selected categories
