19 აპრილს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ვინ და რატომ არის გამარჯვების მთავარი კანდიდატი?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 62
კვირას, 19 აპრილს ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. როგორც უცხოური მედია წერს, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები ბულგარეთის ყოფილ პრეზიდენტსა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილ სარდალს, რუმენ რადევს აქვს. არსებული ინფორმაციით, მისი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ე.წ. „მაფიოზურ სახელმწიფოსთან“ და ოლიგარქიულ მმართველობასთან ბრძოლას დაეფუძნა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისინი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნის დასუსტებაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათ წინააღმდეგ უკომპრომისო იქნება.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსებს კვლავ უჭირთ იმის თქმა, მოახერხებს თუ არა ხელისუფლებაში მოსვლას ან, მოსვლის შემთხვევაში 2021 წლის შემდეგ დაწყებული პოლიტიკური სტაგნაციის დასრულებას. POLITICO-ს კვლევების თანახმად, რადევის ახლად დაფუძნებული მოძრაობა „პროგრესული ბულგარეთი“ ხმების მხოლოდ 31%-ის მოპოვებას შეძლებს. ეს კი მიანიშნებს, რომ მას სტაბილური კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის რთული მოლაპარაკებების გამართვა და დათმობებზე წასვლა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ რადევი, განსხვავებით, უნგრელი მადიარისა, ბრიუსელის ფავორიტად არ მიიჩნევა. ევროკავშირში შეშფოთებას რადევის კრემლისადმი ლოიალური პოზიციები იწვევს. განსაკუთრებით კი უკრაინის ომის მიმართ ბუნდოვანი განცხადებები, რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო აღდგენაზე საუბარი და ბულგარეთის ევროზონაში ყოფნის მიმართ სკეპტიციზმი.
ცნობისთვის, რადევის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და პარტია DPS-ის ლიდერი, დელიან პეევსკი მიიჩნევიან. რადევი მათ ოლიგარქიული სისტემის მთავარ საყრდენებად აცხადებს. პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, რადევის სტრატეგია ბუნდოვანი და პარადოქსულია, რადგან ის ერთდროულად ცდილობს როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ამომრჩევლის მიზიდვას.
ცნობისთვის, ბულგარეთს 2021 წლის შემდეგ შვიდი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა, რომელთაგან სრული 4-წლიანი ვადით არცერთს არ უმართავს ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ თუ რადევი გაიმარჯვებს თუმცა მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, ბულგარეთში შესაძლოა კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს. ანალიტიკოსების შეფასებით კი, ეს მისი, როგორც „პოლიტიკური მხსნელის“ რეიტინგს მკვეთრად შეამცირებს.
No article in the selected categories
