აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს. მისი განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირება იყო.
„პრეზიდენტებმა, ბუნებრივია, უკრაინის დარეგულირების საკითხიც განიხილეს, მათ შორის დონალდ ტრამპის 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის კონტექსტში.
ამერიკის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საბრძოლო მოქმედებების, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტას და კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების მოძიებას”,- აღნიშნა უშაკოვმა.
კრემლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომის დასრულება აუცილებელია რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულფასოვანი განვითარებისათვის. უშაკოვის განცხადებით, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
„ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სფეროებში”,- განაცხადა მან. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კოლოსალური პერსპექტივები იკვეთება.
„ამისთვის, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აუცილებელია უკრაინული კონფლიქტის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კავშირს შეინარჩუნებენ და უახლოეს მომავალში კვლავ ისაუბრებენ”, – განაცხადა უშაკოვმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ისტორიულ მემკვიდრეობაზეც ისაუბრეს და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებულ მოკავშირეობას გაუსვეს ხაზი.
„პრეზიდენტებმა აღნიშნეს იმ საერთო ისტორიული ფურცლების გაფრთხილების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩვენი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მეორე მსოფლიო ომის წლებში არსებულ მოკავშირეობას”,- აღნიშნა უშაკოვმა.
No article in the selected categories