ანტალიაში ტორნადოს ოთხი ადამიანი ესმხვეროპლა

თურქული მედიის ცნობით, ანტალიაში ტორნადოს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სამშენებლო მოედანზე მოხდა, სადაც ტორნადომ ის კონტეინერები დააზიანა, რომლებშიც მუშები რჩებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი მუშა ადგილზევე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ერთი დაშავებული მუშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ჯგუფები მობილიზდნენ. ანტალიის გუბერნატორიც ადგილზე ჩავიდა. მისი თქმით, ტორნადომ ამწეც წააქცია, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ჩვენ ძალიან უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის წინაშე ვართ, რადგან ქალაქში სხვაგან შტორმი ან ტორნადო არსად არ დაფიქსირებულა. მიმდებარედ შენობები დაზიანებული არ არის, მაგრამ ვართ ტორნადოს წინაშე, რომელმაც ამ ტერიტორიაზე ორი კონტეინერი მთლიანად გაანადგურა“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ქალაქში ძლიერი წვიმის გამო გაფრთხილების „ყვითელი“ დონეა გამოცხადებული.