"კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით, ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას" - პრემიერი

თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან - ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას.
 

„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას. პრეზიდენტიც ფართო გაგებით ხელისუფლების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან. ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისში კანდიდატად დააყენეს „ლელოს“ თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში. 

 

„თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც ჯობდა არ დაეყენებინათ. თბილისში მაგალითად „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული, ეს ადამიანი დაკავებული იყო რით - ხაზარაძე ყოველ თვე ამ ადამიანს აგზავნიდა „ტვ პირველში“ პარკით ხელში მიჰქონდა 200 ათასი ლარი ყოველ თვიურად ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული, ახლა „ლელოს“ ეს თანამშრომელი არის დაყენებული კანდიდატად. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, რომ ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია დღეს მთლიანად ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, აიოლებს საქმეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე, ისინი იყვნენ ერთად შეკრული საერთო მიზნების გარშემო და ახლა მათ შორის არის ტაქტიკური განხეთქილებები. 

„პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლებმა. ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ, ამჯერად,  მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, ზუსტად  24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებაზე, დამოკიდებულებაზე და ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები.


„თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის საუბარი სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი გამუდმებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით, მაინც, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებასა და დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. როგორც ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას, მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით ეს ადამიანები ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში ყოფნისას უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი.

„ჩვენი მიზანი იცით, რაც არის, უნდა მომზადდეს კონსტიტუციური სარჩელი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და ახლაც, როდესაც არიან ოპოზიციაში, ამ 13 წლის განმავლობაში, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისათვის, რომ დადგინდეს სამართლებრივი ჭეშმარიტება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ასეთმა ადამიანებმა, უცხოელმა აგენტებმა, გარე დაკვეთით, მუდმივად შფოთის რეჟიმში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სხვა პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვინდა, საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა და ამისათვის, უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.


კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა პრემიერი ბავშვთა ფსიქოლოგის, ელენე ბერიკაშვილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ ფრაზებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მითუმეტეს, როგორც ფსიქოლოგს.

 

„ტრაგიკულია ის, რომ ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მითუმეტეს, როგორც ფსიქოლოგს. მართლა უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები ალბათ ამ ყველაფრით. ზოგადად, ასეთი ფრაზები და ქმედებები აჩვენებს მთლიანად იმ ადამიანების სახეს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები არიან. არც მინდა, შეფასებები გავაკეთო, იმდენად მძიმე შეფასებას იმსახურებენ ისინი. ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ტრაგიკული მდგომარეობა. ისინი არიან „ნაცი ტიტუშკები“, „ნაცი“ აქტივისტები, „ნაცი ორკები“, სხვა სახელის დარქმევა შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოყვანის კუთხით. ისინიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, იმედი გვაქვს, რომ ისინი დაძლევენ ამ უმძიმეს მდგომარეობას და დაიბრუნებენ ადამიანურ სახეს,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ, დემოკრატიულ, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და რადიკალიზმის მხარდაჭერას საქართველოში.

 

„იცით, რომ წლების განმავლობაში „ენჯეოები“ ფინანსდებოდნენ გარედან და ისინი ამ წლების განმავლობაში იყვნენ ჩართული რევოლუციურ, რადიკალურ პროცესებში და ისინი პირდაპირ იყვნენ შერწყმული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, რადიკალურ ოპოზიციასთან. ამისთვის ისინი იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის უცხოურ დაფინანსებას. არ შეიძლება, საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არამარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ, დემოკრატიულ, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და მით უმეტეს, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით რადიკალიზმის მხარდაჭერას საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.