იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილებები ვერ იქნა მიღებული.
„მინდა, ევროკავშირის წევრ ყველა შესაბამის ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად, რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის ვფიქრობ, ორმხრივად მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. თუ მოხერხდება ევროკავშირის პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება, ეს იქნება ორმხრივად საინტერესო როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, ეს ადამიანები, ეს ძალები პირდაპირ არიან ჩართული საქართველოში რევოლუციების მოწყობის მცდელობაში.
„ეს არის იმის გაგრძელება, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ არიან ეს ადამიანები, ეს ძალები ჩართული საქართველოში რევოლუციების მოწყობის მცდელობაში. ეს არის თავხედური პოლიტიკა, რაც არ წაადგება ევროკავშირის ობიექტური ინტერესების რეალიზებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება და ევროკავშირი, საბოლოო ჯამში, შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს და ეს უნდა შეიცვალოს.
„ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა, ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის ფაქტობრივად ყველა ქვეყანა, მათ შორის, შუა აზიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, ეს არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული ამ ქვეყნებს შორის. ირონიულად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე. ხედავთ, სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია. კატასტროფაა. ვერც ახსნი, მით უმეტეს, ვერც გაამართლებ ამ ყველაფერს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. “, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღია იქნება მასთან თანამშრომლობისთვის.
„რაც შეეხება გერმანიის ელჩის გაწვევას, ვფიქრობ, რომ სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იყო გერმანიისთვის ამ ადამიანის ყოფნა ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, პირიქით, თუ გავიხსენებთ გერმანიის ელჩებს, ყველას შეჰქონდა თავისი დადებითი წვლილი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში. რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ეს ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ბატონმა ფიშერმა. თუმცა, ძალიან მალე ყველაფერი აღდგება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას, მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება. არ ვიცი, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, სად დგას ქართველი ხალხი.
„ორჯერ ზედიზედ მილიონ 100 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი, აქ დგას ქართველი ხალხი. ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართველ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამზირზე. 300 ქართველი ხალხი არის ევროპული ბიუროკრატიის სტანდარტი. ერთიანობაში მილიონ 100 ათასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ეს ადამიანები გამოვიდნენ, მათ შორის ამხელა მობილიზაციით იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე იმის გამო, რომ ხედავენ ასეთ უსამართლობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ამიტომ ყველას ვურჩევ, ქართველი ხალხის მიმართ იყვნენ გულისხმიერები და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველი ხალხის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში, ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს, მას იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან.
„არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები. კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა. ეს არის კანონდარღვევა. ურსულა ფონ დერ ლაიენი სიტყვით გამოდიოდა, ვიღაცამ რაღაც დაუყვირა და ეგრევე დააპატიმრეს და დიდი ოდენობით ჯარიმა გადაახდევინეს. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან, “, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით.
„არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი. გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი. ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი. ისე შეიძლება, 20-საც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ 10-მდე პარტიაზე. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, შესაბამისად გამოქვეყნდება სია და იქ გაიგებთ ყველაფერს.
კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვიყვანო ბაჩო ახალაიას მაგალითი, რომელიც შეიძლება, არ იყო პარტიის წევრი, მაგრამ ის განეკუთვნებოდა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი. დანარჩენი დაკონკრეტდება სარჩელში. გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები ქვეყანაში.
„საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ითხოვდა მყისიერ ჩარევას. მეც მომისმენია პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ჰუმანური, მეთოდური მიდგომა. ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისათვის, რასაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ამის მიუხედავად, ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ 300 ადამიანს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და ჩვენ მათ მიმართ უნდა გვქონდეს ჰუმანური მიდგომა. აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული. უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იძალადოს ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. როგორც შედის საზოგადოების ინტერესებში, ისე გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ჯარიმები საკმარისად ეფექტური ზომა არ იყო, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა ეფექტური ზომაა.
„კანონს არღვევენ ყოველდღე, კანონისა და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, არ შეიძლება, ადამიანებმა გადაკეტონ ქუჩა, თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა. არ შეიძლება, 50-მა კაცმა იძალადოს 3 700 000 ადამიანზე. ამიტომ არის კანონი, არის საერთაშორისო სტანდარტი. ამის მიუხედავად, ჯარიმები არ ჰყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანებს არ ეძალადათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. რაც არ იყო ეფექტური, ის ჩანაცვლდა ეფექტური ზომით. ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ პლუს სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით პატიმრობა. ტროტუარზე დგას ხოლმე 200 კაცი, რომელიც ყოველდღიურად წირავს დაახლოებით 25 კაცს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. კოლექტიური ლომჯარიები დგანან, 200-მდე კაცი დგას ხოლმე ტროტუარზე, ხან 100, ხან 150, ხან 200. ისინი ყოველდღიურად წირავენ დაახლოებით 25 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლებრივი პატიმრობისთვის. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება დიდი პერსპექტივა. კოლექტიურ ლომჯარიებს ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა და ვერც იმათ, ვინც ნახევრად მსხვერპლები არიან და სინამდვილეში ისინიც მოძალადეები არიან, მათაც ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა. ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვებს საზოგადოების ობიექტური ინტერესები. დაელოდეთ მშვიდად და ნახავთ ეფექტს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა საბოლოო ჯამში ერთი წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაცია.
„ეს ყველაფერი მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარი ის არის, რომ რეალურად ამით ვერანაირად ვერ ცვლიან ოპოზიციისთვის სასარგებლოდ ვითარებას. ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს. ვერც ვერაფერს დააკლებს, ვერც ვერაფერს შემატებს და ვერც თავისთვის ვერაფერს შემატებს ეს გადაწყვეტილება ამ პარტიას. აქამდე მიიყვანა საბოლოო ჯამში პატრონების კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის და ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა უმრავლესობა შექმნეს ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და ამბობდნენ, რომ კოალიციაში არ ვართ „ნაცმოძრაობასთანო“, ასეთივე აბსურდში არიან.
„პარლამენტის წევრები გახდნენ და რანაირად, აბა რისი წევრები არიან. თუ არიან პარლამენტის წევრები, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური. უსუსურად თავი იმართლო რაღაცებზე ოპოზიციის წინაშე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.