საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო კავშირების შემდგომ განვითარებას შეეხო.
განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და აზერბაიჯანიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი. ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი რეგიონული პროექტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საიმედო სტრატეგიული პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით.
ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველოს მხრიდან გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
„თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის ფარგლებში, მქონდა პატივი, მემასპინძლა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვისთვის.
ჩვენ დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება“, - აღნიშნავს პრემიერი.