მივესალმებით ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი მიესალმება ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 28 ოქტომბერს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, რომელშიც განხილული იყო ბრალდებულ ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები.

„მოსაზრებაში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი სტანდარტები. მითითებული იყო, რომ არ შეიძლება, პატიმრობის გამოყენება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე და, ასევე, მხოლოდ სადავო ქმედების ხასიათსა და ბუნებაზე. პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია, თუ არ არსებობს მისი გამოყენების რელევანტური და საკმარისი მიზეზები, ხოლო საფრთხეების არსებობა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის მტკიცებულებებით უნდა საბუთდებოდეს, როდესაც პატიმრობა განგრძობითია. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ბრალდებულ ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.