„მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთ ღონისძიებად 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთ ღონისძიებად 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დავით ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელიც მოწმობაც.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე 27 ოქტომბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები. როგორც აღინიშნა, „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და, უპირატესობის მინიჭების მიზნით, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებული იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ გირაო შეუფარდა.