გვაქვს სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია, ვიცავთ, გვინდა, ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს დაცული - პრეზიდენტი

გათვითცნობიერებული გვაქვს და მოქალაქეებიც ინფორმირებული არიან, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ევროპის ნაწილი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია, ვიცავთ და გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს გამოკვეთილად დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

ყაველაშვილმა უპასუხა წამყვანის კითხვას ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ „საქართველოში მიღებული კანონებით ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“.

„საშინაო დავალება იქნება, კანონმდებლობის შეცვლა თუ ა.შ. ექვემდებარება პარტნიორულ ურთიერთობას, დიალოგს და სჯა-ბაასს, რას, რომელ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ მიღებული კანონები. ასე არ არის, რომ მხოლოდ სურვილის მიხედვით ვიმოქმედოთ, მით უმეტეს სამართლებრივ სივრცეში. როცა კანონზე აქვთ საუბარი, კანონი უნდა განიხილებოდეს, რაში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვამთ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის გზავნილი არ შეეფერება იმ გაერთიანების ძალისხმევას, რისთვისაც შეიქმნა ევროკავშირი – აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა წევრის ინტერესები და ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს თავისი იდენტობა.

„ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღეს არ დაწყებულა. მუდმივად არის ამაზე აპელირება, რომ ჩვენ ევროპა ვართ და ევროპაში გვინდა, ეს დიდი სურვილია ჩვენი წინაპრების, არაერთი თაობა იყო ამის მოსურნე და უამრავი ქარტეხილები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, რომ ევროპის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო – ეს პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ 3 000 წლოვანი ქვეყანა ვართ, რომელსაც ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა ამ საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა, რათა პრევენცია განახორციელოს და მთავარ საკითხად ყოველთვის იყოს შენარჩუნებული მისი იდენტობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.