როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქვეყნის ღალატი.
„მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტულად 2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული ჩვენი ქვეყნისთვის. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, იყო პირდაპირი მოწოდებები, მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ძალიან რთული 3 წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ვგულისხმობ 2022-2024 წლებს. როდესაც იყო უამრავი მიმართულებით ფრონტი გაშლილი და საბედნიეროდ, არა საომარი ფრონტი, არამედ ფრონტი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა, არ ვასახელებ გვარებს, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ეს ქვეყნის ღალატია. როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი. არ მინდა უფრო უხეში შეფასებებით გამომივიდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილებაში თუ ვინმე შენიშნავს კორუფციის ნიშნებს, ის პირადად აგებს პასუხს.
„რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა იცოდა - ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2023 წლის დეკემბერში ზუსტად ამ შენობაში გამოვიდა სიტყვით და მინიშნებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ბრძოლა კორუფციასთან. იქიდან მოყოლებული, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. რაღაცეებს დასჭირდა მეტი, რაღაცეებს ნაკლები დრო, მაგრამ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას - კიდევ ერთხელ, შეგიძლიათ ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი, ნებისმიერი განხორციელებული პროექტი. თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს. ეს არის ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2023 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა კონკრეტული განცხადებები, მას ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები და ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა კორუფციას.
„რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, მინდა, შეგახსენოთ, რომ უკვე 2023 წლის დეკემბერში, როდესაც გარკვეული ინფორმაცია იყო ცნობილი ჩვენთვის, 2023 წლის დეკემბერში ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ზუსტად ამ შენობაში გააკეთა კონკრეტული განცხადებები, მას ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები და ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა კორუფციას. მინდა შეგახსენოთ, ეს იყო 2023 წლის დეკემბერი. 2024 წელი იყო ურთულესი სხვადასხვა მიმართულებით უმძიმესი ზეწოლა, თან საარჩევნო წელი, სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ვიღაცებმა რაღაცები რომ ვიცოდით სწორედ ამის გამო, გაკეთდა კონკრეტული განცხადებები უკვე 2023 წლის დეკემბრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, დაცული იქნება ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური პროცედურა.
„წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი. აბსოლუტურად გაუგებარია. როგორ შეიძლება, ასე ეშინოდეს ვიღაცას სამართლის. საუბარია სასამართლოსადმი მიმართვაზე და ამის აკრძალვა უნდათ ვიღაცებს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავყვებით. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ პროცედურას. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ პროცედურას და ასე ვიმოქმედებთ. არ შეიძლება, ასე ეშინოდეთ კონკრეტულ ადამიანებს სამართლის, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკულ-ევროპულ-ბრიტანულმა მისიამაც ფაქტების დონეზე დაამტკიცა, რომ საქართველო ზედმიწევნით იცავს სასანქციო პოლიტიკას.
„არაერთი მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, რომ საქართველო დაედანაშაულებინა სანქციების გვერდის ავლაში. შავ ხვრელად გამოაცხადეს ჩვენი ქვეყანა და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. მათ შორის, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკულ-ევროპულ-ბრიტანული მისია. ამ მისიამაც ფაქტების დონეზე დაამტკიცა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ სასანქციო პოლიტიკას. ეს არის ჩვენი მიდგომა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც ჩანს მთავრობის პასუხში გერმანიის პარლამენტის მიმართ.
„თქვენ ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია, ევროპული პარლამენტარიზმი. არ ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი, რომ კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და მეორე - რასაც სცემენ პასუხს, ისიც ტყუილია. მართლა სადამდე მივიდა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, გერმანული და ზოგადად, ევროპული ბიუროკრატია და პარლამენტარიზმი, აქედან ძალიან კარგად ჩანს, რაც ძალიან დასანანია. ძალიან სამწუხაროა, როცა გეშინია ასე კითხვებზე პასუხის გაცემის. აქ ჩანს, რომ სუფთად არ წარიმართება პროცესები. რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, რეალურად, ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც ჩანს მთავრობის პასუხში გერმანიის პარლამენტის მიმართ “, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი.
„სამართლებრივად გახარიას პარტიამ თავი გადაირჩინა, მთავარი საყრდენი სარჩელში გახარიას მიმართ და მისი პარტიის მიმართ იყო საბოტაჟი. გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას. თუმცა ის ბრალდებები რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, ყველაფერი ძალაში რჩება, იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, „ლელო“ დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც.
„სამართლებრივად არის კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვი საფუძველი და არის კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება არ გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, თუნდაც ეს ქმედებები იყოს დანაშაულებრივი. „ლელოს“ თავის დროზე რომ არ გაეუქმებინა მანდატები და შემოსულიყო პარლამენტში, „ლელოს“ ამოღებაც მოგვიწევდა ამ სარჩელიდან, თუმცა დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, თუ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება, შეიცვლება პირობებიც.
„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რაც შეეხება ევროკავშირს, სად იყო 28 ნოემბერი, როდესაც მანამდე, ზაფხულში, სტრატეგიული დიალოგი შეაჩერეს საქართველოსთან. ეს იყო რევოლუციის გამჭვირვალობის კანონის გამო და თუ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა, ეს სხვა საქმეა. ამ კანონის შინაარსი იყო ის, რომ თუ რევოლუცია უნდა ვინმეს, გამჭვირვალედ მაინც მოაწყოს ეს რევოლუცია. ამას ეხებოდა ეს კანონი. ამიტომ, იქაც არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი. ეს არის დღევანდელი დამოკიდებულება. თუ პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავლენ, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენ ველოდებით 2030 წელს და იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები. იგივე, რაც ხდება გერმანიის პარლამენტში - ან ტყუილს პასუხობენ, არ პასუხობენ. როგორ შეიძლება, ასე მუშაობდეს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე შეიცვლება თვითონ ევროპული ბიუროკრატია და ასეთ შემთხვევაში, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება ევროკავშირში გაწევრიანება. თუ ბიუროკრატია შეიცვლება, შეიცვლება პირობებიც და აღარ იქნება ის პირობები, რომელიც მაგალითად, დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებასთან ხელისუფლებაში. რასაც სასამართლო რეფორმას უწოდებდნენ, ესეც გულისხმობდა სასამართლოზე კონტროლის დაბრუნებას „ნაცმოძრაობის“ ხელში. ეს იყო სინამდვილეში, რასაც ითხოვდნენ. თუ შეიცვლება მიდგომები, შეიცვლება პირობებიც“, - განაცხადა პრემიერმა.
