დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირში ვითარება შეიცვლება და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, რითაც მომავალში იხელმძღვანელებენ - კობახიძე

დიდი იმედი გვაქვს, რომ ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სურს, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედს გამოთქვამს, რომ მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში.

„ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც. სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა.

იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს.  ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვლება.

ჩვენ გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ  ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი – თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ასეთ არჩევნებს არ აქვს მათთვის ფასი, თუ გენპროკურორის არჩევის წესი არ არის ისეთი, რომელიც აძლევს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროკურატურაზე გავლენის დაბრუნების საშუალებას, ასეთ არჩევის წესსაც არ აქვს ფასი“.

კობახიძის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისეთია, რომელიც არ აძლევს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სასამართლოზე გავლენის დაბრუნების საშუალებას და მათთვის ასეთ კანონმდებლობასაც არ აქვს ფასი.

„ეს არის საერთო მიდგომა. ეს არის ის სტანდარტები, რომლებიც მოქმედებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა გავლენა სასამართლოზე, პროკურატურაზე. სწორედ ამ გავლენის წყალობით ჩამოაყალიბა თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან მყარად მფარველობდა. არ გვინდა ამის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებასთან, მათ შორის, ეს ეხება სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურას. საქართველოში აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გავლენა არც სასამართლოზე, არც პროკურატურაზე, არც პარლამენტზე, არც მთავრობაზე. პირიქით, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა მთლიანად ჩამოვაშოროთ ჩვენს პოლიტიკურ სისტემას. სხვანაირად უბრალოდ ვერ განვითარდება ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

დღეს, ბუნებრივია, ძალიან რთულია ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა. ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ.

„ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი, თუმცა ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა“, – განაცხადა პრემიერმა.

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ელჩის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების არდაგმობას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ არის პირველი მცდელობა და ის, რომ ევროკავშირის ელჩი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით, აღარავის უკვირს, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, კლასიკური ორმაგი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირის ელჩი მოქმედებს, სწორედ, ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიკვირს არავის. ამ დონემდეა, დღეს, სამწუხაროდ, დასული ევროპული ბიუროკრატია. რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი“,- განაცხადა პრემიერმა.

ფაქტია, რომ ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, „ენჯეოს“ საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ასეთ ვითარებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა აბსოლუტურად ირაციონალური იყო.

„აქაც არის ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა და აქაც, მხოლოდ სინანული შეიძლება გამოვთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ევროკავშირიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.

„ეს მიანიშნებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს ყველაფერი არის ჯამში, კორუფცია. სერიოზული უკუსვლაა კორუფციის, დემოკრატიის პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით. ყველა მიმართულებით ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ერთი ხელწერაა, რადგან ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა.

„ეს არის უცხოელი აგენტების აქცია ჩვეულებრივი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ქვეყნები, შეგნებულად არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყანას, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები. ერთი ხელწერაა, რადგან ასეთი რაღაცები უცხოეთიდან იგეგმება და შემდეგ უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას. საქართველოშიც იგივეა. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ვინც იკრიბება, 100%-ით ყველა აგენტია, მაგრამ ეს პროცესები თავისი არსით არის მართული უცხოური ძალების მიერ, უცხოელი აგენტების დახმარებით და ისინი ცდილობენ, შექმნან რაღაც ილუზია. სინამდვილეში, არავითარი პროტესტი არ არსებობს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, უცხოელი აგენტების და მათი პატრონების ვერავითარ მცდელობას ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა“, – განაცხადა პრემიერმა.