შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, – ამის შესახებ ნათქვამია „ახალის“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროას“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ევროპული საქართველოს“, თავისუფლების მოედანის“, „ფედერალისტების“ ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში, გაბედული, თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას“.

„ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბოროტებასთან შეუგუებლობის და სიმტკიცის მაგალითი გვიჩვენეს. „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ტრადიციული ქართული ღირებულებებისა და ოჯახური ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც ყალბი ჩვენებებისა და შეთითხნილი საქმეების გამოყენებით, მშობლები და შვილები, ცოლები და ქმრები, დები და ძმები ერთმანეთს წლობით დააცილა და ოჯახები მრავალწლიანი განშორებისათვის გაწირა. ივანიშვილის რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა: მისივე აღიარებით, კორუფცია და თანამდებობის გამოყენებით, მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება რეჟიმის წარმომადგენელთა ცხოვრების წესია, მისი მიზანმიმართული მცდელობის შედეგად, საქართველო უფრო და უფრო შორდება თავისუფალ სამყაროს და მარტო რჩება მტრის, რუსეთის წინაშე, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს.

რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებაც, ჯანდაცვაც და სოციალური დახმარების სისტემაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრაციულ კონტროლს, რეპრესიებს აღრმავებს.

მას სურს, საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონრების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა, მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა. რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე. ჩვენ შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში, გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება. ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.