წვევამდელი დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარის შემთხვევაში ₾1000-ით დაჯარიმდება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“

მთავრობის ინიციატივით, წვევამდელებს, რომლებიც სავალდებულო სამედიცინო პროცედურების ან დამატებითი გამოკვლევების ჩატარებაზე უარს განაცხადებენ, 1 000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ. შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

თავდაცვის კომიტეტმა ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დღეს 10 ნოემბერს დაუჭირა.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია იმ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად, რომელიც პრაქტიკაში გამოიკვეთა. კერძოდ, არის შემთხვევები, როდესაც პირი მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში კი ცხადდება, თუმცა უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმების, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტად დასადგენად აუცილებელი დამატებითი გამოკვლევების გავლაზე.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ ახალი ადმინისტრაციული ჯარიმის ამოქმედება „წვევამდელის მიერ დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების პრევენციას უზრუნველყოფს“.

აგრეთვე, ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური“ და „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება: „მეთაური“.