ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი -თეიმურაზ წაქიძე

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტია გრძელდება, საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია - ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა

ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან სპეკულაციურად განიხილება თემა, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცეს უკავშირდება. კერძოდ, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყველა წინა დავა სწორედ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე.

თეიმურაზ წიქვაძე ქრონოლოგიურად იხსენებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო 2008 წლიდან განვითარდა „დიფ სტეიტის“ მიერ და მის მიმართ უპრეცედენტო „ავაზაკური რეკეტის“ სახე მიიღო.

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდით ამ თემაზე რაიმე სახის განცხადების ან განმარტების გაკეთებას მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდებოდა სამართლებრივი დავა, მაგრამ რადგან თემა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გარჩევის საგნად აქციეს, გადავწყვიტეთ ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოკლედ შეგვეხსენებინა საკითხის პერიპეტიები, რამეთუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი.

ბატონი ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც წინა ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები გააყალბა და ძალაუფლება მიიტაცა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი სრულად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისგან. ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა.

მარტივად გადაიბირეს კონკრეტული პირი, „კრედიტ სუისში“ მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი, რომლის ხელით გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები, წლების შემდეგ კი ეს პიროვნება ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვნეს, ხოლო ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმეც დაიხურა. სპეცსამსახურებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი „კრედიტ სუისი“ გაკოტრებამდე მიიყვანეს“,- ვკითხულობთ წერილში.

თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით საქმე უპრეცედენტოდ მარტივია, რამდენადაც ნათლად ჩანს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა.

„ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტია გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია - ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ, ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა, სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე“, - ვკითხულობთ თეიმურაზ წიქვაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.