სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტი, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ - „ბიბისიმ“ გაავრცელა, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ ტყუილის გავრცელებაში მონაწილეობდნენ.
„სპეცსამსახურების სქემები როგორ მუშაობს ყველამ კარგად იცის. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში როგორ მუშავდებოდა ეს სქემები, როგორ ხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება. ამის მაგალითი იყო რევოლუციის 5 მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ გასული 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, აქ ყველაფერი ისედაც ხელის გულზე დევს, უბრალოდ ახალი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სწორედ, რომ სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტიც, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ - „ბიბისიმ“ გაავრცელა. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. სტატისტიკაც შეგიძლიათ ამოიღოთ იმ დღეებიდან, მაგალითად, როგორი იყო მიმართვიანობის სტატისტიკა და რას უკავშირდებოდა ეს მიმართვიანობა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, „ფეიქი“, შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს. ერთი დღე ჰქონდათ მცდელობა, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მათ შორის, უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტყუილის გავრცელებაში. დანარჩენი ყველაფერი არის აბსურდი. ყველამ გაიგო, რომ 2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული. რა არის ეს ნივთიერება, რა იყო ეს ნივთიერება არ ვიცი, ამაზე ალბათ ისაუბრებს გამოძიება, თუმცა, კიდევ ერთხელ სასკანდალო აქ არაფერია. ორი სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა 2007 წელს და 2009 წელს, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა 2007, 2008, 2009, 2010 წლებში. ასევე შემდეგ 2019-2020 წლებში გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა შეძენილი 2007 და 2009 წლებში. სასკანდალო აღარაფერი აღარ დარჩა. გამოძიება კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს, მაგრამ თქვენთვის სასკანდალო აღარაფერი აღარ არის, მითუმეტეს რომ ეს ნივთიერება შეძენილი იქნა თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 9 აპრილს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, მასშტაბური იყო კლინიკებში მიმართვიანობა და დიდხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა.
„ბი-ბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში. გახსოვთ, 9 აპრილის დროს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენ ხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა. აქ არ ყოფილა არავითარი მიმართვიანობაც კი. ხელოვნურად ცდილობთ შექმნათ სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არის. თქვენი ტელევიზიები დავიდა იქამდე, რომ თუთიყუშებს დასცვივდათ ბუმბულები. ძალიან ღარიბად გამოიყურება თქვენი ეს სკანდალის აწევის იაფფასიანი მცდელობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როცა „ბი-ბი-სი“ ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ ტელევიზიაში.
„გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების ინტერვიუ იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. როცა „ბი-ბი-სი“ ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი ხელში შერჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის იმას, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით.
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით.
„ამ შემთხვევაში საუბარია სპეცსამსახურების ჩართულობაზე, მანამდე ჩვენ ვსაუბრობდით USAID-ის დ NED-ის ჩართულობაზე და ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორ ხდებოდა მტრული მიზნებით კონკრეტული სქემების გამოყენება, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი ატეხეს, როდესაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დღეს უკვე ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, მინდა შეგახსენოთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი, რომელიც მაშინ შექმნეს ხელოვნურად კონკრეტულმა ელჩებმა, მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, NGO-ებმა, ეს იყო მტრული საქმიანობა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით და მათ შორის, კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ჩვეულებრივი სქემა.
„ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ვინ არიან ეს ე.წ. „ფაქტჩეკერები“. ესეც იყო სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული სქემა და მთელი ნონსენსი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც ეწოდებათ ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, თავად ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ ტყუილებს. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული ჩვეულებრივი სქემა. სწორედ რომ „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წამოსული ადამიანების საფუძველზე შეიქმნა ეს სქემა, სპეცსამსახურების მიერ, საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებით.
"ფაქტჩეკერებს", ზოგადად, ვიზები არ ეკუთვნით და თუ ეს მიდგომა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს არის ძალიან კარგი.“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო მოთმინებით ელოდება აშშ-ის პოზიციას და ხელისუფლებას იმედი აქვს, უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ ის აბსოლუტურად უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.
რაც შეეხება კონკრეტულ აქტებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ, მთავარია, რომ გვაქვს კონკრეტული განაცხადი გაკეთებული აშშ-ის მიმართ და ველოდებით საპასუხო რეაქციას. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს საპასუხო რეაქცია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
„არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები. ექსტრემიზმიდან ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ და ეს აჩვენებს მათ სახეს. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერმა.
არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტს შეეხებოდა.
მისივე თქმით, კანონპროექტს აქვს პრევენციული მიზანი.
„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება. ამის მექანიზმები არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და ზოგადად, კანონმდებლობაში. ჩვენთვის მთავარი არის რა, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას. ეს არის, სწორედ, პრევენციული მიზანი, რომელიც არის ჩადებული ახალ კანონპროექტში,“- განაცხადა პრემიერმა.
