"დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო" - ირაკლი კობახიძე

ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები, -  ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ დუმს „ალდე“ ალეკო ელისაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით. 


„ჩვენ ვხედავდით, რომ ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები. ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს და მათ ე.წ. ღირებულებებს. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენათა  განვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ევროპულ პოლიტიკაში. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეიცვლება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ „ბი-ბი-სის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა.

 

„ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ „ბი-ბი-სი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ხედავდით, რომ სკანდალის შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ - ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ამ გამოძიების თაობაზე ჩვენგან ინფორმაცია, ყველას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას. 

 

რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით. გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ეს ეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია, ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, სრული გამჭვირვალობის მზაობა არის ჩვენგან. რაც შეეხება მიმართვიანობას, ხუთმა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დრესვე. მინდა გავიხსენო, 9 აპრილის შემდეგ, როდესაც იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებითაც კი, რომლებიც  რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი საავადმყოფოები. იმიტომ, რომ როცა იყენებ ქიმიურ ნივთიერებას, შეუძლებელია, ამას არ მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები. ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია დოკუმენტაციასთან, ნივთიერებებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ვაპირებთ მივმართოთ Ofcom-ს, ანუ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ბი-ბი-სის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. 
„ამ კონტექსტში, მე მახსენდება ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ Deep State-მა არსებითი გავლენა მოიპოვა ბრიტანეთის ხელისუფლებაზე. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ყველაფერი აიხსნას. სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა გავიხსენოთ ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ Deep State-მა სუვერენიტეტი დააკარგვინა ბრიტანეთის ხელისუფლებას. ელჩის ასეთი განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. საუბარია დიდ ბრიტანეთზე და ინგლისზე, რომელიც ტრადიციულად მიიჩნეოდა, როგორც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის აკვანი. ასეთ პირობებში, პირდაპირ ხაზს უსვამს ამ სახელმწიფოს ელჩი ამ ძირეულ პრინციპებს. რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ასე არ მოიქცეოდა. ასეთი განცხადებების კეთებას, ბრიტანეთის ელჩს ურჩევნია ბოდიში მოიხადოს  იმ სიყალბით გაჯერებულ სიუჟეტზე, რომელიც ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული ადამიანები, ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და, ამ დროს, თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან, რაც არის ორმაგი სტანდარტები და ეს განცხადება აღნიშნულის კიდევ ერთხელ შეხსენებაა.

 

„მანამდე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ეს განცხადება. რეალურად, თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი და, ამ კონტექსტში, ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოთხოვნები, რომლებსაც უყენებდნენ კონკრეტული ადამიანები, ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ისინი ითხოვდნენ საქართველოსგან სანქციების დაწესებას. ისინი ჩვენგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ლიეტუვა და ლატვია საქართველოზე 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდდნენ რუსეთში, ომის დაწყების შემდეგ, როდესაც არც ერთი ქვეყანა არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის ორმაგი სტანდარტები და ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ორმაგ სტანდარტებს,“- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც ეს გეგმა ჩავარდა.

 

„ეს იყო დამხობის ღია მცდელობა, პირდაპირ ასე ერქვა 4 ოქტომბერს ჩატარებულ აქციას. დამხობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამი  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ა.შ. ადამიანებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც დამხობა ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა ამ ადამიანებს არ აქვთ. 150 კაცის გამოსვლა არ არის პროტესტი, ეს არ არის ქართველი ხალხისა და საზოგადოების პროტესტი. ქართველ ხალხსა და ქართულ საზოგადოებას პროტესტი აქვს, სწორედ, იმის მიმართ, რომ 150 ადამიანი ცდილობს, იძალადოს 4 მლნ ადამიანზე, ამის მიმართ აქვს პროტესტი ქართველ ხალხს,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც  პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანონი,  რომელიც იქნა მიღებული და  რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას. 


„რომ განვაზოგადოთ, თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით  უნდა გამოხატოთ პროტესტი  და  თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე. მარტივად არის საქმე. ყველა კანონი,  რომელიც იქნა მიღებული და  რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას, რომ 50-მა ან 150-მა კაცმა არ შეიძლება იძალადოს 4 მილიონ ადამიანზე. ყველა კანონი, რომელიც დაინიცირდა თუ დაინიცირდება, ეფუძნება ამ ერთ მარტივ ლოგიკას.
გაფრთხილების ვალდებულება არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული, არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება გარემოებების გამო მიუთითოს კონკრეტულმა უწყებამ შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც არის გაზიარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ყველა კანონს, რასაც ვიღებთ, ვიღებთ სწორედ სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სხვანაირად ჩვენ არ ვმუშაობთ. 
ჩვენ გვაწუხებს ის, რომ  150 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ინტერესები, მარტივად არის საქმე“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხაბეიშვილის ადგილას, თავადაც იქნებოდა ნაწყენი.

 

„ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, განათლების სისტემის რეფორმა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის.

 

„არჩევანი იქნება ძალიან ფართო უნივერსიტეტებს შორისაც, მათ შორის, ქართველ სტუდენტს შეეძლება, აირჩიოს კერძო უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, შეეძლება აირჩიოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, შეეძლება აირჩიოს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოგეხსენებათ, რომ გარდა თბილისის უნივერსიტეტების გაძლიერებისა, გვინდა, უნივერსიტეტები გავაძლიეროთ რეგიონებშიც. როგორც უნივერსიტეტების ნაწილში, ისე სპეციალობებისა და ფაკულტეტების ნაწილში, სტუდენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი, როგორც ჰქონდათ აქამდე. სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტებს და სახელმწიფო განსაზღვრავს კვოტებს, ეს ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. სახელმწიფო იხდის ამ ფულს და ბუნებრივია, კვოტები უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება რეფორმას, რეფორმა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის, თავისი შვიდივე კომპონენტით. ჩვენ განვსაზღვრეთ 7 გამოწვევა და არავითარი კრიტიკული შენიშვნა ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთ გამოწვევაზე. ვიკითხეთ, იქნებ ჩვენ ვხედავთ არასწორად ამ გამოწვევებს. შვიდივე გამოწვევაზე, რეალურად, თანხმდება მთელი საზოგადოება. ის, რომ კადრების, ინფრასტრუქტურის, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების, კონცენტრაციის კუთხით პრობლემებია, ყველაფერზე თანხმდება საზოგადოება. ის, რომ საერთო ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამაზეც თანხმდება ქართული საზოგადოება. შესაბამისად, ჩვენ გამოწვევებთან დაკავშირებით, არავითარი შენიშვნა არ მოგვისმენია. რაც შეეხება პასუხებს გამოწვევებზე, თითოეული პასუხი შეესაბამება ზუსტად იმ თითოეულ გამოწვევას, რომელიც განსაზღვრულია. ვერ ვისმენთ ვერავითარ საფუძვლიან კრიტიკას, გვესმის მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები,“- განაცხადა პრემიერმა.