ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია.
„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ის თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქმენეთის მთავრობას დიალოგის, თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ჩართულობის ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულებისთვის, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
ჩვენი სესიის თემაა „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული - შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველომ წამოიწყო დისკუსიები, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და მეზობლებს შორის კომუნიკაციის არხების შექმნას.
„წამოვიწყეთ და ხელი შევუწყვეთ დისკუსიებს, რითაც ვადასტურებთ ერთგულებას მეტად სტაბილური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული რეგიონული გარემოს ხელშეწყობისადმი. საქართველო კვლავაც სრულად ერთგულია პარტნიორებთან თანამშრომლობის იდეისადმი, რათა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის იდეალები კონკრეტულ და ხანგრძლივ პროგრესად გარდაიქმნას. გვჯერა, რომ მდგრადი მომავალი მოითხოვს როგორც დიალოგს, ისევე ქმედებას და რომ ჩვენი საერთო მიზნები ერთობლივ ძალისხმევას ეფუძნება. ერთად ჩვენ შეგვიძლია მეტად უსაფრთხო, სტაბილური და მდგრადი მომავლის შექმნა მომავალი თაობებისთვის,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და ავლენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას.
„ვხელმძღვანელობთ მდგრადი მშვიდობის მკაფიო ხედვით; ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და ავლენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას. ეს მიღწევები პირდაპირ ასახავს მთავრობის სახელმძღვანელო სტრატეგიას: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, ხოლო პროგნოზირებადობა, თავის მხრივ ქმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკისთვის.
საქართველომ ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტენდენცია. 2021-2024 წლებში საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - საშუალოდ 9.8% - დააფიქსირა მსოფლიოში! ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აშშ დოლარში გაორმაგდა და მეტადაც გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რასაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები ადასტურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი ეკონომიკური იმპულსის გათვალისწინებით, საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს.
„აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ის შექმნილია არა მხოლოდ ვაჭრობის ხელშეწყობის, არამედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების - ერებს შორის ნდობის ყველაზე მდგრადი საფუძვლის - გასაძლიერებლად. მართლაც, შუა დერეფანი მეტია, ვიდრე სატრანსპორტო მარშრუტი! ეს არის ნდობის დერეფანი, რომელიც ადამიანებს, ბიზნესებსა და კულტურებს აკავშირებს მთელი კონტინენტის მასშტაბით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
