ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თურქმენეთში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება.
„ჩვენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვიწევდა მარტივი ჭეშმარიტების მტკიცება იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელსაც აშკარად ვხედავდით ევროკავშირის მასშტაბით. გახსოვთ, როგორი კრიტიკა მოდიოდა ამის შესახებ, გვაცხადებდნენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმის გამო, რომ ამ ტენდენციებზე ვსაუბრობდით. დღეს, იმავეზე საუბრობს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით. ეს არის დღევანდელი რეალობა, ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე და ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენების შედეგია საქართველოსთან მიმართებით მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებები და განცხადებები.
„დღეს, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროკავშირში, როდესაც ისინი, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს, ეს ყველაფერი არის არაფორმალური გავლენების შედეგი. აქაც, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იგივეს იმეორებენ კონკრეტული ადამიანები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამაზე უნდა დაფიქრდეთ ალბათ ყველა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერის თქმით,ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ჩანს ორმაგი სტანდარტები.
„დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში, რაც არ მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას. მათ ახლა გაახსენდათ სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა, ევროპული ბიუროკრატია ყოველდღიურ რეჟიმში არღვევდა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ამ, სუვერენიტეტის პრინციპს. აქ ჩანს ორმაგი სტანდარტები. აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად აფასებს იმ პროცესებს, რაც ვითარდება ევროკავშირში და ჩვენი შეფასებაც იყო ასეთი მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პეტერ ფიშერს ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ეწურება და საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე იზრუნებს.
„ბატონი ფიშერი არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ამის იქით არ ღირს ბევრი რამის თქმა, მას ცოტა ხანში ამოეწურება უფლებამოსილების ვადა და დავიტოვოთ იმედი, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს არა ურთიერთობების გაუარესებაზე საქართველოსა და გერმანიას შორის, არამედ პირიქით, ამ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე. ამის იმედი უნდა დავიტოვოთ. ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის ძალიან ხშირად იჭრება ხოლმე პოლიტიკაში ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც მას უწევდა ისეთი პასუხის გაცემა, რომელიც იქნებოდა საზიანო ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მას აღარ მოუნდა ჟურნალისტებთან საუბარი. აბსოლუტურად ცხადია, რომ მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სწორედ ამ პოლიტიკური მიკერძოების შედეგია ის, რომ მან თავი აარიდა საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც არ იყო მომგებიან რადიკალური ოპოზიციისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ.
„რაც შეეხება 20 ივნისს და იქ კონკრეტული პირების მოქმედებას, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ამაზე იცით, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვისნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ჩვენ განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ.
„ეს არის იმ კონკრეტული ნაბიჯების შედეგი, რომელიც გადავდგით სხვადასხვა მიმართლებით, როდესაც საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, უკავშირდება სწორედ შესყიდვების გამჭვირვალობას. მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში. გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თურქმენეთში გამართული ფორუმში იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე.
„დღეს მონაწილეობა მივიღეთ ფორუმში, რომელიც ეძღვნება თურქმენეთის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორმატებში მონაწილეობა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას. დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფო ლიდერი. ასევე, აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს. ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანმშრომლობის განვითარების თემებზე „, - განაცხადა პრემიერმა.
