"მძიმე რისკები გამოვიარეთ..." - რა თემებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში"

შეგნებულად არის ჩაკეტილი დისკუსიის ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატი - ელჩებსაც შევთავაზეთ დისკუსია კონკრეტულ თემაზე, ოპოზიციასაც, აქციის მონაწილეებსაც, 10-12 კაცს, ღია თუ დახურულ ფორმატში, პირადად მე მზად ვიყავი დისკუსიისთვის, მაგრამ არავინ არ გამოვიდა,  იმიტომ, რომ დისკუსია არსებითად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

პრემიერის თქმით, აწყობთ, რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი და არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა.

„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ დიალოგი კონკრეტულ თემებზე ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ასევე, 28 ნოემბრის თემაზე, რაც ეხებოდა მოლაპარაკებების გახსნას. ორჯერ შევთავაზეთ ღია დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ორმა ადამიანმა გაბედა, თინა ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ და განაცხადეს მზაობის თაობაზე, რაც ჩვენ გაგვეხარდა, იმიტომ, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი. ნებისმიერ ფორმატში, სადაც და როგორც უნდოდათ, ისე ვაპირებდით დისკუსიაში მონაწილეობას. იმხელა ბულინგი წავიდა ამ ადამიანების წინააღმდეგ, რომ მათ მეორე დღეს უკვე თქვეს უარი. ესეც არის გარედან მიღებული დავალებები, რომ დისკუსია არ უნდა შედგეს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. სიძულვილის გაღვივების მთავარი ინსტრუმენტი არის დისკუსიის არარსებობა. ჯანსაღი დისკუსია ბუნებრივად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ მცდელობას. მიტომ, ისინი არ გვაძლევენ არც ერთ საშუალებას, იმისათვის, რომ დისკუსიაში შევიდეთ ადამიანებთან. შეგნებულად არის ჩაკეტილი დისკუსიის ნებისმიერი ჯანსაღი ფორმატი. ელჩებსაც შევთავაზეთ დისკუსია კონკრეტულ თემაზე, ოპოზიციასაც, აქციის მონაწილეებსაც, 10-12 კაცს, ღია თუ დახურულ ფორმატში, პირადად მე მზად ვიყავი დისკუსიისთვის, მაგრამ არავინ არ გამოვიდა,  იმიტომ, რომ დისკუსია არსებითად უპირისპირდება სიძულვილის გაღვივების ნებისმიერ გეგმას. ესეც გარედან დაგეგმილი პროცესის შედეგია - არ უნდა შედგეს არავითარი დისკუსია. ჩვენ დღესაც გამოხატავთ მზაობას, შედგეს ჯანსაღი დისკუსია ნებისმიერ თემაზე. ამის მაგივრად, ჩვენ გვესმის ორ სიტყვიანი კამპანიები. იყო რუსული კანონი, დღეს არის არაბული ქალაქი. იგივე, რაც შეეხება განათლების რეფორმას, ერთმანეთში ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც ზოგს პროფესორი ჰქვია, ზოგს ექსპერტი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რატომ გვაქვს ჩვენ დაბალი ხარისხი უმაღლესი განათლების სისტემაში. ერთ-ერთ მათგანს, ვინც ამ კამპანიას აორგანიზებს, ჰქონდა ჩემთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. სულ ორი სკითხი წამოჭრა - ერთი, იყო კონკრეტულ უნივერსიტეტებს რატომ უტოვებთ ამ ფაკულტეტებსო და ამაზე ვუთხარი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს, ჯერ განსახილველია, რომელ უნივერსიტეტს რა რჩება და ა. შ. მეორე საერთოდ, საოცრება თქვა - უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ჩაიფიქრეს უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურული კუთხით ასე უნდა დარჩესო. ვერ გავიგე, რას ამბობდა, შემდეგ მითხრა, ვაკეში რომ არის აშენებული უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, იმიტომ აშენდა, რომ ქალაქის ცენტრში უნდა ყოფილიყოო. ჯერ პირველი კორპუსის ფოტო უნდა გქონდეს ნანახი 1918 წლის, რომ მიხვდე, რომ სისულელეს ამბობ. იმდენად უსუსურები არიან, მათ შორის, საკუთარ არგუმენტაციაში და იმდენად მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი მათი ნაბიჯები, რომ ვერ შემოდიან დისკუსიაში. ამას ორი მიზეზი აქვს - ერთი, რომ სიძულვილი უნდა დარჩეს, დისკუსიისთვის არ უნდა არსებობდეს არავითარი პლატფორმა, ეს არის გარე დავალება და მეორე - არგუმენტები არ აქვთ.  ამის უკან არანაირი შინაარსი არ არის. არავითარ თემასთან დაკავშირებით არ სურთ დისკუსია, დიალოგი, დებატები. მონოლოგის რეჟიმში გამოდიან და ათას სისულელეს ამბობენ, იმიტომ, რომ ოპონენტი არ ჰყავთ და ეს არის ის, რაც აწყობთ - საზოგადოება უნდა იყოს გახლეჩილი. საზოგადოება არ უნდა იყოს არაფერზე შეთანხმებული - 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, ელემენტარულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თარიღის გახსენებასთან დაკავშირებით, არაფერთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი თანხმობა. ეს ხდება არა მარტო საქართველოში, ეს არის გარე დაკვეთა, რომ ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის თავსმოხვეული პოლარიზაცია, კონკრეტული, ლოკალური მიზანია ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ, რომ როცა სიძულვილი არის მოჭარბებული საზოგადოებაში, საზოგადოება მიდრეკილია იქითკენ, რომ ამ ყველაფერში დაინახოს ხელისუფლების ბრალი. ეს მარტივი გეგმებია - მღვრიე წყალში თევზის დაჭერის საუკეთესო საშუალებაა სიძულვილის გაღვივება. გარედან უნდა აამღვრიონ წყალი, იმისთვის, რომ შეძლონ საკუთარი მანკიერი ინტერესების მიღწევა. ამას ვაკვირდებით ამდენი ხანია. იგივე ე.წ. კოჰაბიტაცია, ესეც თავსმოხვეული თემა იყო. შეგნებულად, დამნაშავეები, კრიმინალები დაგვიტოვეს ოპოზიციაში. თავსმოხვეული კოჰაბიტაცია, თავსმოხვეული პოლარიზაცია, თავსმოხვეული სიძულვილი, მუდმივი კამპანიები სახელმწიფო და სოციალური ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოელ პარტნიორებთან თანხმდება კონკრეტული პუნქტები და ისინიც მალე ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში. 

 

„მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ეს ვადებს არ ცვლის მარტივი მიზეზის გამო, პირველი ეტაპის სამუშაოები ისედაც თავის თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს. ასე იყო გათვალისწინებული იმ გეგმით, რომელიც თავის დროზე შემუშავდა დაღრმავების და ტალღმჭრელების შექმნის სამუშაოები ფინანსდება უშუალოდ სახელმწიფოს მიერ და ეს პროექტი გრძელდება. ამიტომ ვადებს არანაირად არ ცვლის ის მოლაპარაკებები, რომლებიც გრძელდება კონსორციუმთან. ბოლო ეტაპზე ვართ გასული,  არის კიდევ პუნქტები შესათანხმებელი, თუმცა ვფიქრობთ, რომ მალე შეთანხმდება ეს პუნქტები და საბოლოო ჯამში უკვე უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. მანამდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, განსხვავებული ვითარებაა უმაღლესი განათლების სფეროში, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება არსებული საგრანტო სისტემის ჩანაცვლების თაობაზე.

„ჩვენთვის მთავარია, რომ სკოლები იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი ფინანსებით. რაც შეეხება მოდელს, ამაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, არსებითად ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა სკოლა იქნება სათანადოდ უზრუნველყოფილი. განსხვავებული ვითარება გვაქვს უმაღლესი განათლების სფეროში, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება არსებული საგრანტო სისტემის ჩანაცვლების თაობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა სჭირდება და ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა აღნიშნული მიმართულებით. 

„არსებობს სხვადასხვა შრე, სხვადასხვა დონე ხელისუფლების და ცდუნებაც არსებობს, ბუნებრივია, ადამიანებში, ამიტომ ყველა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული და სერიოზული ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ დღეს და ხვალ აღარ იყოს ჩადენილი კორუფციული დანაშაულები. რომ ავიღოთ ინფრასტრუქტურა - ჩვენი მთავარი ამოცანა ინფრასტრუქტურის სფეროში რა არის, ერთია ის, რომ ვიღაცა შეიძლება წარსულში რაღაცას სჩადიოდა და აღიძრა საქმე, ეს არის ერთი მხარე, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის, რომ როდესაც დღეს და ხვალ ვასრულებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თითოეული პროექტი შესრულდეს მაქსიმალურად გახსნილად, მაქსიმალური ხარისხით, სათანადო ვადებში და სათანადო ფასებში.  ეს არის ჩვენთვის მთავარი, როდესაც ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ყველას მოვუწოდებ, როგორი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეთ, რომ ჩაიხედონ ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც განხორციელდება დღეს, ხვალ და მიგვითითონ, თუ სადმე ნახავენ, რომ ჭარბი ფასით არის განხორციელებული პროექტი, თუ სადმე ნახავენ, რომ უხარისხოდ არის გაკეთებული. მაღალი ხარისხი სათანადო ფასში - ეს არის ჩვენი მთავარი მიდგომა. როცა ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მაქსიმალურად არის გახსნილი სივრცე სამშენებლო კომპანიებისთვის, არქიტექტორებისთვის და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რაც გვაძლევს ჩვენ კორუფციასთან ეფექტიანად გამკლავების საშუალებას, აღმოფხვრის და პრევენციის საშუალებას. რომ ავიღოთ სახელმწიფო საწარმოები, ბევრჯერ გვითქვამს, რომ მარტო ხელფასების ნაწილში, ყოველწლიურ ჭრილში დაიზოგა ათეულობით მილიონობით ლარი, გადასცდა 50 მლნ ლარს, რაც ყოველწლიურად დაეზოგება სახელმწიფოს. ჩვენთვის ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. ვიღაცამ შეიძლება წარსულში არასწორი პრაქტიკა დაამკვიდრა და შეიძლება პასუხი აგოს - ეს ცალკე საკითხია. ერთია წარსულში რაც იყო, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს არ გვყავდეს ჭარბად გაფორმებული ადამიანები კონკრეტულ სტრუქტურებში. ესეც სერიოზული გამოწვევაა, იმიტომ რომ იქ მერე ჩნდება ათასი სოციალური და სხვა ტიპის ფაქტორები, ძირითადად სოციალური ფაქტორები, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას უარყოფითი პრაქტიკა და არ დავტოვოთ ფიქტიურად გაფორმებული ადამიანები. დღეს, ეკონომიკის განვითარების ფონზე, არის საკმარისი სივრცე, რომ ამ ადამიანებმა გადაინაცვლონ სხვა სექტორებში. როდესაც ბიზნესი აკეთებს პრეზენტაციებს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კადრებისა და სამუშაო ძალების დეფიციტი, ჩვენ ორმაგად ცუდ საქმეს ვაკეთებთ, როდესაც ფიქტიურად ვაფორმებთ ადამიანებს სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს არის დამატებითი საბიუჯეტო, არასწორი, არამიზნობრივი ხარჯი და სამუშაო ძალას ჩვენ ხელოვნურად ვაკლებთ ეკონომიკას. ორმაგი უარყოფითი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს და ეს გვინდა გავანულოთ. ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს და ხვალ არ გვქონდეს იგივე პრაქტიკა, რაც იწვევდა ბიუჯეტის ჭარბად დატვირთვას, არასწორი ხარჯებით. 
როცა შესყიდვებს ეხება საქმე, ბოლომდე გამჭვირვალე გავხადეთ შესყიდვები. სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შევქმენით ამისათვის. რაც შეეხება პრივატიზაციას, როდესაც პირდაპირი მიყიდვით განკარგავ ქონებას, აქ ძალიან დიდია ცდუნებაც და მანიპულაციის რისკიც. მთლიანად გავაუქმეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა. გარდა იმისა, როდესაც დევნილებს გადაეცემათ ერთ ლარად ბინები და ა.შ. სოციალურ საკითხებს არ ვგულისხმობ. არც ერთი ობიექტი არ გამოგვიტანია აუქციონის გარეშე გასაყიდად. ეს არის ჩვენთვის მთავარი. სამართლის აღსრულება ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს და ხვალ არ არსებობდეს ისეთი პრაქტიკა, რომელიც სახელმწიფოს დააკისრებს ჭარბ ხარჯებს, ან სხვა კუთხით შეუქმნის პრობლემას ქვეყნის განვითარებას, ესაა ჩვენთვის მთავარი, რასაც ვუწოდებთ კორუფციასთან ბრძოლას,“ - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, სახელმწიფო არის სუვერენული და ძლიერი როგორც არასდროს და ხელისუფლება არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რაც 4 ოქტომბრის მოვლენებმაც დაადასტურა და რაც გვაძლევს მეტი სიმშვიდის საშუალებას, ეს შემიძლია გითხრათ, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების საფუძველზე, როდესაც, იგივე, შეიცვალა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა - დღეს, სრულიად სხვა დონეზეა, თუნდაც 5 თვის წინანდელ ვითარებასთან შედარებით, სახელმწიფოს რისკების მიმართ მზაობის დონე. მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე. შსს, სუს-ი, პროკურატურა, ყველგან გვქონდა ხელმძღვანელობის დონეზე ცვლილებები და კიდევ ერთხელ, 4 ოქტომბერი რომ გავიხსენოთ, როგორ იყო მართული ეს პროცესები, პირველ რიგში უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს მიერ. ამ ყველაფერმა დაადასტურა, რომ ჩვენ გვაქვს მზადყოფნის სრულიად სხვა დონე, რომ დავუპირისპირდეთ ნებისმიერი ტიპის რისკებს, პერსონალურ დონეზე და ინსტიტუციურ დონეზე გვაქვს ხელშესახები ცვლილებები ყველა მიმართულებით და ნებისმიერი რისკის მართვა შეგვიძლია ბევრად უფრო ეფექტიანად და ეფექტურად, ვიდრე ეს ხდებოდა თუნდაც შარშან და იმის წინა წლებში. ეს გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ და მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. რისკები რჩება, არიან გარე ძალები, გავლენიანი გარე ძალები,რომლებიც ქვეყნის შიგნით მართავენ ამ ოპოზიციურ პროცესებს, მათ რესურსი ბუნებრივია აქვთ, ისინი თესავენ სიძულვილს, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს, სახელმწიფო არის სუვერენული, ძლიერი როგორც არასდროს, ხელისუფლება არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული როგორც არასდროს. ორი ძირითადი მიმართულება იყო, სადაც ჩვენ გვქონდა ფუნდამენტური ცვლილებები სამთავრობო გუნდში - ეს იყო სამართალდამცავი სტრუქტურები და ეს იყო ეკონომიკის სექტორი და ერთი და მეორე გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ მაქსიმალური ეფექტიანობით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. ძალიან კარგი წინაპირობები შევქმენით 2025 წელს, რომ 2026 წელი იყოს კიდევ უფრო მეტად წარმატებული, უსაფრთხო და პროგრესით აღსავსე ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, მთავრობის მეთაური განცხადებით, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, იგივე დარჩება. 

„უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს. რაც შეეხება დღეს მოქმედ სტუდენტებს, მათზე ვრცელდება  ის სისტემა, რომლითაც მათ ჩააბარეს უნივერსიტეტებში, მათ შორის, უცვლელი იქნება საგრანტო სისტემა და შესაბამისი გადასახადი. ჩვენ ბიუჯეტიც ამის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ახლად მიღებული სტუდენტებისთვის ავამოქმედოთ უკვე უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება თვითონ მოდელს, განისაზღვრება კონკრეტული უნივერსიტეტებისთვის კონკრეტული ფაკულტეტებისთვის საჭირო დაფინანსება, კონკრეტული ფორმულები საფუძველზე. აქ იქნება მათ შორის, გათვალისწინებული განსხვავებული ფაკულტეტების განსხვავებული საჭიროებები, განისაზღვრება ფორმულა და ამ ფორმულით გადაეცემა კონკრეტულ უნივერსიტეტებს და მათ ფაკულტეტებს შესაბამისი დაფინანსება. ანუ, საგრანტო მოდელი ჩანაცვლდება დაკვეთაზე დაფუძნებული მოდელით. აქ იქნება მხედველობაში მიღებული სტუდენტების რაოდენობაც. სპეკულაციები მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უნივერსიტეტებში შემცირდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა. მზად ვარ დისკუსიისთვის, მაგრამ, არავინ არ საუბრობს დისკუსიაზე. იმიტომ, რომ მათ შორიდან ურჩევნიათ, ილაპარაკონ აბსურდზე. შორიდან საუბრობენ ამაზე. შინაარსი არ არის მათი ველი, შინაარსი არის ხელისუფლების ველი. იმდენად ცხადად არის ჩამოთვლილი შვიდი გამოწვევა და პასუხი შვიდ გამოწვევაზე, რომ ძალიან უჭირთ არსებით დისკუსიაში შემოსვლა და ამიტომ ერიდებიან ყველანაირი ტიპის დებატებს. ცალ კარში გააქვთ გოლები, თან ისე, რომ მეკარეც არ დგას, თამაშობენ თავისთვის. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, მათ არ აქვთ სივრცე რეალური დისკუსიისთვის, იმიტომ, რომ შინაარსი არ არის მათ მხარეს, შინაარსი არის ჩვენ მხარეს. რაც შეეხება მისაღებ კონტინგენტს, გასულ წელს 31 000 სტუდენტი მიიღო საუნივერსიტეტო  სისტემამ და ეს რაოდენობა არ შეიცვლება. სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, დარჩება იგივე. რაც შეეხება ავტონომიას, ავტონომიაც დარჩება. ყველა კითხვაზე ვართ მზად პასუხისთვის, იმიტომ, რომ შინაარსი გვამაგრებს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან, შემდეგ განათლების მინისტრი შეხვდა კერძო უნივერსიტეტების რექტორებს, ყველგან იყო სივრცე დისკუსიებისთვის. ნებისმიერი ფორმატისთვის ვართ მზად, მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ურჩევნიათ, ცარიელ კარში ურტყან ბურთები, იმიტომ, რომ მათ სხვა რესურსი არ აქვთ. მხოლოდ ასე შეილება გახვიდე ფონს, როდესაც ინტელექტი არ გიმაგრებს ზურგს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ეკონომიკაში უარყოფითი ტენდენციებია გლობალურად, მათ შორის ევროპის კონტინენტზე და რეგიონშიც, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ნავთობზე ფასების კლებით და სხვა ფაქტორებით.

 

„წლის დასაწყისში ჩვენი ოპონენტები აპოკალიპტურ სურათს ხატავდნენ, რომ წლის ბოლოსთვის ეკონომიკა იქნებოდა მინუსში, ანუ მინუსით დაასრულებდა ეკონომიკურ ზრდას ქვეყანა, ლარის კურსი 3,1-ს გადასცდებოდა და ა.შ. ასეთი პროგნოზები მოვისმინეთ წელს იანვარში, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სხვა მიმართულებით განვითარდა პროცესები. დაახლოებით წლის ბოლოსთვის 7,5 პროცენტი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდა, როცა მინუსს ამბობდნენ მათი ე.წ. ექსპერტები, სინამდვილეში პოლიტაქტივისტები. ამბობდნენ, რომ ლარის კურსი 3,1-ს გადასცდებოდა და 2,7-ის ფარგლებშია ლარის კურსი. სავარაუდოდ 6 მილიარდ დოლარს გადასცდება ჩვენი სავალუტო რეზერვები პირველად ისტორიაში და ა.შ. პირველად ისტორიაში, ჩვენი ეკონომიკა გადასცდება 100 მილიარდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, გადასცდება 30 ათას დოლარს, რაც ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შარშანაც იყო ძალიან ბევრი გამოწვევა ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება და დარწმუნებული ვართ, რომ ამას შევძლებთ მომავალ წელსაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკური გამოწვევების მხრივაც 2026 წელი გარდამტეხი წელი იქნება ბევრი თვალსაზრისით.

 

„ზოგადი რისკები რჩება. 2022 წელს ისეთი მძიმე რისკები გამოვიარეთ და გადავიარეთ, რომ არა მგონია, რომ ამაზე დიდი რისკები დაგვხვდეს წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე დავკარგოთ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ბევრი რამის გადალაგება მოხდება მომავალ წელს, მათ შორის შეიძლება, ომი დასრულდეს უკრაინაში, რასაც თავისი გაგრძელება და თავისი პროცესები მოყვება. უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ისტორიულად ყოველთვის მეგობრული იყო ხალხებს შორის და ამას კვალი ვერ დაატყო ვერც იმ უსამართლო დამოკიდებლებამ რასაც ვხედავდით 2022 წლის თებერვალ-მარტიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებს, აქ რა თქმა უნდა, არის პერსპექტივა იმისა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შიეცვალოს, ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. როცა უკრაინაზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა დამყარდეს ამ ქვეყანაში და დასრულდეს ომი და ქვეყანა შემობრუნდეს ეკონომიკური წინსვლის გზაზე, მაშინ როდესაც ამ წლების განმავლობაში ქვეყანა პრაქტიკულად განადგურდა ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი ვითარება, დაკარგული ტერიტორიები, ქვეყნიდან გასულია მოსახლეობის დაახლოებით 1,3 და ა.შ. მთავარი არის ჩვენთვის უკრაინაში ომის დასრულება, დანარჩენი არის მეორე ხარისხოვანი და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების დონეზეც პერსპექტივაში ურთიერთობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.