საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში სურსათის ფასების რეგულირების საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური კომისია საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე შეიქმნება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რითაც სურსათის ფასების შემცირების შესაძლებლობის შესახებ ირაკლი კობახიძის დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია და ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს.
"მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი.
ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები.
ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.
საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას", - წერს შალვა პაპუაშვილი.
