როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა - ირაკლი კობახიძე

როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაძლებელია, ბევრი რამ შეიცვალოს მომავალ წელს გლობალურად.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ორიენტებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა.

საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს ელჩებთან, მადლობა მინდა, გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ელჩების კონფერენციის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და საინტერესო დისკუსია შედგა ყველა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტი, მომდევნო წელს არის ზოგადად ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა, მაქსიმალურად განმტკიცება. გამოწვევები რჩება ძალიან ბევრი საგარეო ასპარეზზე, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე, შესაძლებელია ყველა გამოწვევის დაძლევა და რაც მთავარია, შესაძლებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.