ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ საქასრთველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი.
„ისტორიული მოვლენის მომსწრე ვართ დღეს თითოეული ჩვენგანი. დასრულდა საუკუნის პროექტი, რიკოთის პროექტი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
ეს არის ჩქაროსნული გზის ყველაზე რთული მონაკვეთი, ყველა თვალსაზრისით. მისი მშენებლობა 2019 წელს დაიწყო; საინჟინრო-გეოლოგიური თუ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, პროექტი უპრეცედენტოა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ისტორიაში. ამას ადასტურებს ციფრებიც - აშენდა 52 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი. ეს მასშტაბი ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით შეამცირებს მგზავრობის მანძილს და გაანახევრებს გადაადგილების დროს.
„გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით შეამცირებს მგზავრობის მანძილს და გაანახევრებს გადაადგილების დროს, რაც შექმნის ბევრად მეტ კომფორტს როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. აქ გადაადგილება იქნება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტულია.
ეს არის პროექტზე მეტი - ამ პროექტმა შექმნა სამუშაო ადგილები. 4000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული ამ პროექტზე, მათ შორის, უდიდესი უმრავლესობა იყვნენ სწორედ ჩვენი თანამოქალაქეები. ამ პროექტში იყო ჩართული ათასობით პროფესიონალი და თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ისინი არიან ინჟინრები, გეოლოგები, გეოტექნიკოსები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მშენებლები, თითოეული მათგანი იმსახურებს ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ მადლიერებას. ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს. რომ არა მათი დაუღალავი შრომა, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მადლობა აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის, მადლობა მსოფლიო ბანკს და მადლობა ევროპის საინვესტიციო ბანკს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. სწორედ მათი თანამონაწილეობის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ პროექტის სათანადოდ განხორცილება“, - განაცხადა პრემიერმა.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის.
„ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, სწრაფი განვითარება და ასეთი პროექტების განხორციელება არის საუკეთესო გზა და საშუალება ამისათვის.
კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ყველას მინდა მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის წარმატებით დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
