სუს: ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა, დავიწყეთ გამოძიება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე სავარაუდო კიბერთავდასხმის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შესული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას.

სუს-მა გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით დაიწყო. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. 

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და  სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება - სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.