ბაზის კვლევის ახალი ელექტრონული მოდულის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წინამოსამზადებელ ეტაპზე ყველა დაინტერესებულ პირს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ბაზრის კვლევაში და წარადგინოს თავისი შეთავაზება, - აღნიშნულია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე (MRS) და აღნიშნულია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრის კვლევის მასალებზე თანაბარი წვდომა მინიმუმამდე ამცირებს მიკერძოების და რომელიმე მიმწოდებლის მიმართ უპირატესობის მინიჭების რისკებს.
„შეტყობინება ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ, შესაბამისი კლასიფიკატორის კოდის მიხედვით, ავტომატურად მისდის შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ პირს, ამავდროულად, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სისტემაში სტუმრის სტატუსით მოსარგებლე პირებისთვისაც. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დასვას კითხვა და მიიღოს ამომწურავი პასუხი. ბაზრის კვლევის მოდულის საშუალებით ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, სისტემის საშუალებით, წინასწარ განსაზღვრულ დროს ხდება ხელმისაწვდომი შემსყიდველისთვის. წარდგენილი ინფორმაცია არ არის საჯარო, მასზე წვდომა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემსყიდველ ორგანიზაციას. ბაზრის კვლევის მოდულის საშუალებით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დაიგეგმება და განხორციელდება შემდგომი შესყიდვის პროცედურები. ახალი მოდულის გამოყენებით ბაზრის კვლევა ტარდება ელექტრონულ, გამარტივებულ, სახელმწიფო საწარმოების მიერ შესყიდვის სპეციალურ წესით განხორციელებულ და კანონის ცალკეული გამონაკლისებით ჩატარებულ შესყიდვებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდულის დანერგვის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების შექმნა; სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში კორუფციული რისკების მაქსიმალურად შემცირება და მათი პრევენცია; სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირთა ჩართულობის ზრდა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა; სახელმწიფო სახსრების მეტად ეკონომიურად, პროდუქტიულად და ეფექტიანად განკარგვა.
„ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული (MRS) წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც არის შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის განუყოფელი ნაწილი. ელექტრონული მოდული არის სიახლე და არ აქვს ანალოგი, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების შესყიდვების სისტემებში. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ 4 751 სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ამავე სისტემაში რეგისტრირებულ 59 475 ეკონომიკურ ოპერატორს, მათი დაინტერესების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა დროულ ინფორმირებას და ზრდის ჩართულობას სახელმწიფო შესყიდვებში. MRS მოდული ემსახურება სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალურ ხარჯვას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
