მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა სახელმწიფო უწყებების პროექტების მონიტორინგის შედეგად, სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები გამოავლინა და საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისობის, ხარჯეფექტურობის და პროდუქტიულობის შეფასების მიზნით, განახორციელა არაერთი სახელმწიფო უწყების მიერ სხვადასხვა მიმართულების დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონიტორინგი, - აღნიშნულია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების დეტალური შესწავლის შედეგად, რიგ შემთხვევებში, გამოიკვეთა სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები.

„მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა ანგარიში, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს, რომლებსაც, რისკების პრევენციისა და შესაძლო ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ მითითებები და რეკომენდაციები“, - აღნიშნულია ანგარიშში.