ტროტუარზე პროტესტისთვის სასამართლომ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

ტროტუარზე პროტესტისთვის დღეს, 23 იანვარს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 5 მოქალაქეს. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც შეკრება-მანიფესტაციების კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში გასული წლის ბოლოს ცვლილებები კვლავ შევიდა და საფეხმავლო გზაზე პროტესტი შეიზღუდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 7 მოქალაქის საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება და მათგან ორი, ანი ახმეტელი და ნათია ჭავჭანიძე სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

თუმცა 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ სანდრო მეგრელიშვილს; დიმიტრი ჯამბურიას და ნუკრი კაკულიას. 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი ლუკა ნაგლიაშვილს და მიხეილ ზაქარეიშვილს შეეფარდათ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქალაქეებს პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობა შეუფარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ". "მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ამკვიდრებს ახალ პრაქტიკას, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს და კვლავაც დაიცავს ყველა იმ პირის უფლებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, ვისი უფლებებიც, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების ჩათვლით, სახელმწიფომ უკანონოდ შელახა. მომჩივნების სურვილის შემთხვევაში, საჩივრებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ათზე მეტ ადამიანს შეუდგინა, თუმცა სასამართლოს დღემდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.