გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ "ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ზუსტდება გრანტების განმარტება.
"გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს (ეს განმარტება სიტყვა-სიტყვით იმეორებს FARA-ს ამერიკულ კანონში პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას). ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა: ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, „გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს. კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიას განმარტებით, საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით შედის ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში, ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად.
"საზოგადოება კარგად ხედავდა, რომ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს USAID, NED, EED და სხვა უცხოური ფონდები აფინანსებდნენ. ამ ყველაფერს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საბოლოოდ ახადა ფარდა, როდესაც მან ამერიკული ფონდები სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობასა და სისტემურ კორუფციაში ამხილა და ამ საფუძვლით დახურა.
დღევანდელი მოცემულობით, უცხოეთიდან საქართველოში არეულობის, ძალადობისა და რევოლუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული. თუმცა, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები, კანონების გვერდის ავლის გზები, რომელთა გამოყენება ჩვენს ქვეყანას უდიდესი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნებული მშვიდობის, სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
