დიდმა ბრიტანეთმა და ეუთო-ს 23-მა ქვეყანამ „გაააქტიურეს ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმი საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის გამო და ექსპერტთა მისიის შექმნას ითხოვენ“, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, „2024 წლის დეკემბერში 38-მა ქვეყანამ უკვე გამოიყენა ეუთო-ს ვენის მექანიზმი საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთების გამოსახატავად, დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სისასტიკეზე კითხვები უპასუხოდ დარჩა, ადამიანის უფლებების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კი ქვეყნების შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა“.
ამასთან, განცხადების მიხედვით, „2024 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო პროცესი წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით და ოპოზიციის ცხრა ლიდერს ბრალდება წაუყენეს“. „ასეთი ნაბიჯი წარმოადგენს დემოკრატიული ნორმების ეროზიის მთავარ ესკალაციას საქართველოში, შეუთავსებელია ეუთო-ს პრინციპებთან და ვალდებულებებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ავრცელებს იმ საკითხების ჩამონათვალსაც, რომლებიც, მათივე განცხადებით, შეშფოთებას იწვევს – „საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვას; სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით; არჩევნების სამართლიანობა; დეზინფორმაციის გავრცელება მმართველი პარტიის მიერ; კამპანიები დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ; გამოხატვის და მედიის თავისუფლების შეზღუდვები; პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და დევნა; სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიების სისტემის განსამტკიცებლად; ბრალდებები თავისუფლებააღკვეთილ პირთა არასათანადო მოპყრობაზე; არაპროპორციული ძალის გამოყენება და თვითნებური დაკავებები; ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების დევნა, დაშინება. ამ საფუძველზე, ქვეყნები იყენებენ 1991 წლის მოსკოვის შეხვედრის დოკუმენტის მე-12 პარაგრაფს, რათა შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად“.
მისიას დაევალება: „მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება; შეაფასოს ამ მოვლენების გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე; მოამზადოს რეკომენდაციები შეშფოთების საკითხების გადაჭრის შესახებ“.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან.
„მოვუწოდებთ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას, მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად. მოსკოვის დოკუმენტის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება, მისიის ერთი წევრი საქართველომ აირჩიოს ორგანიზაციის ექსპერტთა სიიდან. გათვალისწინებულია რუსეთის მიმდინარე სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ამიტომ მისია თავის ანგარიშში შემოიფარგლება საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილებით, რომლებიც თბილისის კონტროლის ქვეშ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი.
