ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას გაურბიან სწორედ NGO-ები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი.
„ეს განმარტებები, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ, მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ, დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილები სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი სამუშაო პროცესი წარიმართება აპრილის ბოლომდე.
„ჩვენ არ ველოდებით აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს, რომ მანამდეც დადგება შედეგი. რა თქმა უნდა, რთულია საკითხი. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან და ასევე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ევროპულთან შედარებით, ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, დანარჩენი გაგრძელდება პროცესი, კიდევ უფრო საინტერესოა სურსათზე ფასები და ამ ფასების შემცირება. აქაც გამომდინარე იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, პარლამენტი ჩაერთვება თავისი კომისიით სამუშაო პროცესი, მთავრობა განაგრძობს მუშაობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ერთი წლის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც ევროკავშირი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან არ ელოდება ჯანსაღ პოზიციას.
„ოპტიმისტურად ვერ ვიქნები განწყობილი იმდენი ხანი გაგრძელდა ძალადობის მხარდაჭერა, ძალადობის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რომ აქაც არ ველოდებით ჯანსაღ პოზიციას, თუმცა იმედია იქნება გარდამტეხი ცვლილებები ევროპულ ბიუროკრატიაში. დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ყველაფერი მიმართულია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ქვეყანაში.
„თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი იოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ მაგალითად ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბათ გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპინენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად 2 უნივერსიტეტის გაერთიანებას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან.
„მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა. აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. იგივე ხაზის გაგრძელებაა, ამიტომ, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.
„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი.
„მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და, მათ შორის, მისი რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება - დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან.
„იმის გამო, რომ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დადიან და უცხოეთიდან იღებენ ფულს, არავის არაფერს ვუზღუდავთ. უცხოური დაფინანსება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, აწარმოოს პოლიტიკური აქტიურობა, კეთილი უნდა ინებოს და ამისათვის რესურსები უნდა მოიძიოს ქვეყნის შიგნით, როგორც ეს ხდება ყველა ჯანმრთელ სახელმწიფოში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ჯანმრთელი სახელმწიფო და ამას ემსახურება ის კანონები, რომლებიც მიიღება,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის შეფასებით, ხელისუფლება უკვე მრავალი წელია წარმატებით ახერხებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას მომავალშიც განაგრძობს.
“ამას ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც წარვადგინეთ პარლამენტში. თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ევროკომისრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს. მარტივად არის საქმე, ეს კანონი, რომელიც დაინიცირდა, ემსახურება ასეთი მექანიზმების ჩაკეტვას. არ შეიძლება პოლიტიკა არც პირდაპირ და არც ირიბად ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც პირდაპირ გიანონსებენ უხეშად კანონის დარღვევას, აქ უნდა მიიღო ზომები“, - განაცხადა პრემიერმა.
