ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რაც თავიდანვე მივიღეთ, უკავშირდებოდა მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, რა იყო პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც მან მთავრობის მეთაურის პოსტზე ყოფნის დროს მიიღო.
„პირველი დღეები იყო ერთდროულად მნიშვნელოვანიც და რთულიც. ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რაც თავიდანვე მივიღეთ, უკავშირდებოდა მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთავრობის ყველა აქტის გასაჯაროების თაობაზე. ეს იყო ერთგვარი პირველი სიგნალი, რომელიც მიანიშნებდა იმაზე, რომ ჩვენ ასეთი მიდგომებით ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას. კორუფციის აღმოფხვრა, არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა სხვადასხვა მიმართულებით - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც თავიდანვე დავისახეთ და ზუსტად ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა.
ეს ეხება იგივე პრივატიზაციის პრაქტიკას, შესყიდვების პრაქტიკის გაუმჯობესებას და ა.შ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ თუ სწორ პრინციპებს ეფუძნება მთავრობის საქმიანობა, ამ შემთხვევაში კონკრეტული მიმართულებებითაც, კონკრეტულ დარგებშიც შეიძლება იყოს მიღწეული წარმატება. თუ პრინციპები არასწორია, ამ შემთხვევაში წარმატება არის შეუძლებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
