გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია, თუმცა ვხედავთ პრობლემებს ევროკავშირში - პრემიერი

​ჩვენ გვინდა, ყველა მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მივაღწიოთ საშუალოვადიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და არსებობს ძალიან მკაფიო გეგმა. 

„ჩვენი სურვილია, რომ ყველა მომსახურება უმაღლესი ხარისხით მიიღოს ჩვენმა მოქალაქემ საქართველოში, რასაც სერიოზული მუშაობა სჭირდება, ესეც არის განათლების რეფორმასთანაც დაკავშირებული. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვის სისტემაზე სისტემურად ზრუნვა იმისათვის, რომ ეს ამოცანა გადაიჭრას და საქართველოში იყოს ხელმისაწვდომი უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. იგივე მიდგომით გვინდა, ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით. ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ჩვენი მიზანია, რომ რამდენიმე წელიწადში სრულად იყოს მოცული ჩვენი ქვეყანა  ჩქაროსნული ავტომაგისტრალით, ასევე აეროპორტების მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, გვინდა, რომ დაახლოებით 4,5-ჯერ გაიზარდოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა. იგივე ეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, სადაც უკვე დაწყებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ანაკლიის პროექტზე დაწყებულია მუშაობა და პირველი ფაზა გვინდა, დავასრულოთ 2029 წელს. რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ დასრულდა და გრძელდება ასევე რკინიგზის მიმართულებით სერიოზული ინვესტიციების ჩადება იმისათვის, რომ მათ შორის ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია განვავითაროთ. კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით გვინდა, გეგმაზომიერად, კონკრეტული გეგმის მიხედვით, გარდამტეხი ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სახელმწიფოს განვითარებაში უკლებლივ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

„იყო სერიოზული გამოწვევები, ამაზე ჩვენ არ მოვერიდეთ საჯაროდ საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ჰქონდა თავისი უარყოფითი მხარე. ვხედავდით, რომ სპეკულაციებისთვისაც იყენებდნენ ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ არ მოვერიდეთ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარს, მათ შორის იმ პრობლემებზე საუბარს, რომლებიც იყო გუნდის შიგნით. ჩვენ მიზნად დავისახეთ კორუფციის აღმოფხვრა. ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ეს, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაუფასურებულია ისეთი ღირებულებები ევროკავშირში, როგორიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ეს ტენდენცია ამ ეტაპზე შეუქცევადია.

„ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემობრუნების ძალას და ეს უარყოფითი ტენდენციები, იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება დადებითისკენ. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენი ამოცანა რჩება ამოცანად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჩვენი მხრიდან შესრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება.

„დავიწყებ საწვავით, სადაც შედარებით მსუბუქია მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არსებობს ფასების შემსუბუქების რესურსი. მედიკამენტების ნაწილში არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა. აქ, ორიოდე წლის წინ შემოღებული იქნა ე.წ. რეფერენტული ფასები, რამაც შეამცირა ფასები რამდენიმე ათასი სახეობის მედიკამენტზე. თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ყველაზე რთული მდგომარეობა არის სურსათის მიმართულებით. ბევრად უფრო ძვირია საქართველოში პროდუქტი ევროპულ ფასებთან შედარებით. კონკრეტულ პროდუქტებზე არის მაგალითად 50%-ით უფრო მაღალი ფასები საქართველოში, 2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ მაღალიც არის  ფასები, მაშინ, როდესაც ხელფასი შესაბამის ქვეყნებში შეიძლება, იყოს ორჯერ და სამჯერ მეტი. არის კონკრეტული პრობლემები, რაც განაპირობებს მაღალ ფასნამატს დისტრიბუციის და შემდეგ ქსელების დონეზე. ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კონკრეტულ კარტელურ გარიგებებს, ესეც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის პარალელურად იმუშავებს პარლამენტის შესაბამისი კომისია.

„საზოგადოებას შეეძლება ზუსტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მაღალ ფასებს და შესაბამისად, რამდენად არსებობს ჩარევის და ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ მზად ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველა თემაზე ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს ჯანსაღი დისკუსიის კულტურა.

 

„საერთოდ არც კი უცდიათ შინაარსში შესვლა და ეს უნდა შევცვალოთ. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, იქნება ეს განათლება, ფასების თემა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, კორუფციის საკითხები, პოლიტიკური თემები, ყველა თემაზე ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც აქამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი ჩვენს საზოგადოებაში. ამის გაკეთება შესაძლებელია და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად წავახალისებთ ამ პროცესს. განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, მეც სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ. ზოგი, შეიძლება, ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი - არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემაზე, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცმედიაში, თუ მედიაში, ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად დადგმული, რისგანაც სწრაფი ტემპით თავისუფლდება ქვეყანა.

 

„ჩვენ, სამწუხაროდ, თავს მოგვახვიეს პოლარიზაცია, ორპოლუსიანი სისტემა, რაც აბსოლუტურად ხელოვნური იყო და ამ ორპოლუსიანი სისტემის მეორე მხარე იყო არაჯანსაღი ოპოზიცია. ეს იყო ხელოვნურად დადგმული სცენა, რისგანაც ჩვენ ვთავისუფლდებით ძალიან სწრაფი ტემპით და ბოლომდე უნდა გავათავისუფლოთ ამ თავსმოხვეული პოლარიზაციისგან ჩვენი ქვეყანა. იმ პირობებში, როდესაც იყო ორი მხარე და აქედან ერთ-ერთი იყო არაჯანსაღი ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიციისთვის უბრალოდ აღარ რჩებოდა არავითარი სივრცე. იყო გარკვეული მცდელობები, კონკრეტულ ოპოზიციურ ძალებს ემოქმედათ ჯანსაღი პრინციპებით, ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში, მაგრამ მაშინვე მთელი რადიკალური ოპოზიცია მოქმედებდა ასეთი ძალების წინააღმდეგ და არ აძლევდა არავის ასეთი სახით მოქმედების საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. იმ პირობებში, როდესაც გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეძღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით, რომელიც უკავშირდებოდა საჯარო დებატების გამართვას და ამ კულტურის არა აღდგენას, არამედ დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ასეთი კულტურა ბოლომდე ვერასდროს ჩამოყალიბდა, ვერც 90-იან წლებში,“- განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, შესაბამისი სპეციალური ოპერაცია ყოველგვარი ზიანის გარეშე წარიმართა და მაქსიმალური სიფრთხილით მოხერხდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა.

 

„ჩვენ მინიშნებებით გვისაუბრია იმაზე, რომ იყო კავშირები გუნდის ყოფილ წევრებთან. რაც მთავარია, ჩვენ ძალიან სუფთად, დიდი წარმატებით მოვახერხეთ ამ კონკრეტული პრობლემის დაძლევა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც იყო ევროპული ბიუროკრატიის პირდაპირი მხარდამჭერი მოწოდება. პირდაპირ იყო დაანონსებული ხელისუფლების დამხობა. ამასაც კი გამოუცხადა პირდაპირი მხარდაჭერა ევროპულმა ბიუროკრატიამ, კონკრეტული სპიკერის სახით. აქ ჩვენ დიდი წარმატებით ვიმოქმედეთ და მადლობა ეკუთვნით როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს. სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ წარიმართა შესაბამისი სპეციალური ოპერაცია, ყოველგვარი ზიანის გარეშე. მაქსიმალური სიფრთხილით მოვახერხეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა. ესეც აჩვენებს ხელისუფლების მიდგომას. ნებისმიერ ვითარებაში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაულებრივი ქმედებები, ჩვენ ვართ მოწოდებულები, რომ მაქსიმალური ჰუმანურობით და ასევე ეფექტიანობით ვიმოქმედოთ. ეს აჩვენებს სახელმწიფოს სიძლიერესაც. აქაც გუნდის ერთიანობა არის მნიშვნელოვანი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ გუნდი არის ერთიანი და ძლიერი, როგორც არასდროს და ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რთული ვითარებაა დღესაც შექმნილი მსოფლიოში, გამოწვევები არ შეცვლილა და შესაბამისად, არ იყო იოლი ვითარების მართვა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით.


„ყველა ხედავდა, რამხელა ზეწოლა იყო საქართველოზე და ეს ზეწოლა გრძელდებოდა, მათ შორის გასული ორი წლის განმავლობაშიც. კეთდებოდა ეკონომიკასთან დაკავშირებით უარყოფითი პროგნოზები, განსაკუთრებით გასული წლის დასაწყისში, თუმცა აქაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ინტერესები, იყო საერთაშორისო სირთულეები, მოვახერხეთ ჩვენი ეკონომიკის სტაბილური განვითარება. ეს იყო ჩვენი უმთავრესი ამოცანა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის მთავარი, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური განვითარება და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მიუხედავად ძალიან სერიოზული გამოწვევებისა, მათ შორის გარე ზეწოლისა, ჩვენ მოვახერხეთ პრინციპულად ამ ამოცანების შესრულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ყველა კონსტიტუციური ორგანო და სახელმწიფო დაწესებულება მოქმედებს ერთი კონკრეტული ინტერესით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

„გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში. იყო ზეწოლა სხვადასხვა ინსტიტუტთან მიმართებით. მაგალითად, ეროვნული ბანკის შემთხვევა მინდა გავიხსენო, როდესაც მათ შორის, ევროპული ბიუროკრატია ითხოვდა პარლამენტისგან, რომ არ დაეკომპლექტებინა ეროვნული ბანკის საბჭო. როგორ შეიძლება, ასეთი მოთხოვნით გამოხვიდე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ არ გავითვალისწინეთ ევროპული ბიუროკრატიის ეს მოთხოვნა. შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველად ისტორიაში 6 მლრდ დოლარს გადასცდა ჩვენი სავალუტო რეზერვები, ლარის კურსი გამყარდა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატიისთვის, მაშინ მართლაც ახდებოდა ის პროგნოზები, რომლებსაც ე.წ. ექსპერტები აკეთებდნენ მათივე დაკვეთით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ დროს ბოლომდე უნდა დავიცვათ ხოლმე ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ეს გავაკეთეთ და ეროვნული ბანკი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების, საზოგადოების ინტერესების შესაბამისად საბედნიეროდ და არა არაფორმალური ძალების და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესების შესაბამისად. ეს ეხება უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და ეს აუცილებელია ამ გამოწვევებით სავსე ვითარებაში. ვგულისხმობ რეგიონულ კონტექსტს და მსოფლიოში არსებულ ვითარებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საკუთარი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვა და ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ იმ მდგომარეობით, იმ ვითარებით, რომელიც სახელმწიფო სისტემაში დღეს არის ჩამოყალიბებული,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულმა სუბიექტებმა სცადეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გვერდის ავლა, მათ შორის ევრობიუროკრატიის წარმომადგენელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეძებენ გზებს კანონის გვერდის ავლისთვის.

„მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონი იყოს ეფექტური და ეფექტიანი. მოხდა ისეთი რამ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ საზღვარგარეთ, მაგალითად ესტონეთში. ისინი აცხადებდნენ, რომ სტიგმატიზაცია იყო მთავარი პრობლემა ამ კანონში და არ სურდათ, რომ ჰქონოდათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი და ამ დროს თავად დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური ძალა. აქედან ჩანს, როგორი ყალბი იყო ის დისკუსიები, რომლებიც სტიგმატიზაციასთან და ზოგადად ამ კანონის გარშემო წარიმართა მათი მხრიდან. კანონი უნდა მუშაობდეს მაქსიმალური ეფექტურობით და ზუსტად ამას ემსახურება ეს დამატებითი ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება კანონმდებლობაში. თუ სადმე არის გვერდის ავლის პრეცედენტები, ასეთი რისკები, ბუნებრივია, უნდა აღმოიფხვრას და ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ემსახურება ეს კანონი. ზოგადი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ვინმე ერეოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკაში. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, საყოველთაო პრინციპი, სუვერენიტეტის პრინციპთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, აქ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები შესაბამისი ინტერესების გატარების თვალსაზრისით.  ვერავის მივცემთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის შესაძლებლობას და საქართველოში დემოკრატიის პრინციპის ხელყოფის შესაძლებლობას, რაც წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკა იყო. ეს პრაქტიკა დამკვიდრდა 90-იანი წლებიდან და მეტ-ნაკლები სიმძაფრით ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის სწორი პრაქტიკა, ჩვენს შიდა პოლიტიკური საქმეებში ქვეყნის გარედან არავინ უნდა ერეოდეს. ქართული საზოგადოების გადასაწყვეტი უნდა იყოს ქართული პოლიტიკის საკითხები და ზუსტად ამას ითვალისწინებს ის ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება კანონმდებლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.