ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაერო-ს ფორმატში ვისაუბროთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ბოჭორიშვილის განმარტებით, ასევე, შეხვედრას გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, რა დროსაც განიხილავენ საქართველო-ევროსაბჭოს ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო გაერო-ს ფორმატს იყენებს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე სასაუბროდ, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შეახსენონ საქართველოს ოკუპაციის საკითხი.

„ეს არის გაერო-ს ფორმატში უმაღლესი დონის შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხებზე. კომიტეტი მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში განიხილება ის მთავარი საკითხები, რაც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში საუბარი იყოს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ამ ფორმატს ვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ საქართველოს ოკუპაციის საკითხი და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები, რომლებიც ხდება და თან ახლავს ოკუპაციას. ამასთან, იცით, რომ სრულდება ოთხი წელი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან და ეს ტრიბუნაც ასევე გამოვიყენეთ, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მშვიდობიანი გზით კონფლიქტის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. მექნება შეხვედრები როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ამ სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. გვექნება შესაძლებლობა, დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, განვიხილოთ ევროპის საბჭოსთან ჩვენი თანამშრომლობა და ის საკითხები, რაც უკავშირდება სწორედ საქართველოსა და ევროსაბჭოს ურთიერთობას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.