ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ვარდნისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. 

ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ინფორმაცია ТАСС-ს დაუდასტურა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ; დაწყებულია დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები.

როგორც ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში განაცხადეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები ჩამოვარდა ახალ ათონსა და გულრიფშშიც, თუმცა მაშველებმა მათი პოვნა ვერ შეძლეს - ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

ე.წ. საგამოძიებო უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე, ხოლო საფრენი აპარატების ან მათი ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ მათ, არ შეეხონ და დაუყოვნებლივ შეატყობინონ“ შესაბამის სტრუქტურებს.

ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებზეც აფხაზეთის ცაში მფრინავი დრონებია ასახული.

4 მარტის საღამოს, „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობაც შეჩერდა „დრონების საფრთხის“ გამო.