საქართველოს პირველი ლედი, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.

„მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა, ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ არსად გვეჩქარება.

ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალური სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით.